15 წლის მოუშუშებელი იარა

15 წლის მოუშუშებელი იარა

ანალიტიკოსების აზრით, ბოსნიის ნათელი მომავლის გარანტი ევროკავშირში შესვლაა.

15 წელი გავიდა მას მერე, რაც შეერთებული შტატების სპეციალური ელჩის რიჩარდ ჰოლბრუკის მეოხებით, დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა და ბალკანეთის ოთხწლიან ომს წერტილი დაესვა.

ზემოხსენებულ წარმატებულ ხელშეკრულებას დღემდე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მისი საშუალებით დასრულდა სისხლიანი ეთნიკური დაპირისპირება იუგოსლავიაში, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სარაევო ამჟამად ხმაურიანი ქალაქი და კულტურული ცენტრია. ძველ დროს ზოგიერთ შენობაზე დარჩენილი ნატყვიარი თუ მოგაგონებთ. არადა, გასული საუკუნის 90 -იან წლებში, დედაქალაქი 43 თვის განმავლობაში ალყაში იყო მოქცეული. შიშისა და ტერორის ქვეშ მცხოვრები ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა სნაიპერის ტყვიებს გაურბოდა და საკუთარი ბინების ტყვეობაში იმყოფებოდა. ეთნიკურმა დაპირისპირებამ მაშინ 1,200 სარაევოს მაცხოვრებელი იმსხვერპლა.

სარაევოს მკვიდრებს ალყაშემორტყმული ქალაქიდან თავის დაღწევა აეროპორტის ქვეშ გამავალი გვირაბით შეეძლოთ. ეს გვირაბი იყო ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლი გარე სამყაროსთან, საიდანაც დედაქალაქის მკვიდრთ საკვები პროდუქტი შემოჰქონდათ და თუ შეძლებდნენ, ქალაქიდანაც გარბოდნენ.

გავიდა წლები და ჭირვარამგამოვლილი სახლი, რომლის საშუალებითაც სარაევოელები გვირაბში ჩადიოდნენ - მუზეუმად გადაკეთდა. ედის კოლარი ყოფილი მეომარი და ამ სახლის მეპატრონეა:

„ბოსნიელები ხშირად მოდიან და წარსულს იგონებენ. მიკვირს,მაგრამ ალბათ ომის ისტორიის ამ კედლებში გაცოცხლება სურთ. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ არც პოლიტიკოსები გვაძლევენ წარსულის ბოლომდე დავიწყების საშუალებას".

დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი 15 წლის წინ, 1995 წლის 14 დეკემბერს სერბეთის, ბოსნიისა და ხორვატიის ლიდერებმა მოაწერეს.

ბოსნიელი პოლიტიკოსების აზრით, ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ბალკანეთის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას დასაბამი დაედო. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულების შედეგად ქვეყანა დააქუცმაცდა და სამ ნაწილად დაიყო.

ბოსნიის ყოფილი პრეზიდენტი ჰარის სილაჯიჩი დეიტონის ხელშეკრულების გაფორმებისას ბოსნიის მხარეს წარმოადგენდა. მისი თქმით, ბოსნიელი სერბებისთვის სერბეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება, იმ დროისთვის ერთადერთი საშუალება იყო, რათა სერბების ეთნიკური წმენდა შეჩერებულიყო:

„ამჟამად სახეზე გავქვს საერთაშორისოდ აღიარებული შედეგი იმ ისტორიული ფაქტისა, რასაც სლობოდან მილოშევიჩის პროექტი ითვალისწინებდა“

ყოფილი ბოსნიელ-ხორვატიელი პოლიტიკოსი კრეზიმიტ ზუბაკიც თავად დაესწრო დეიტონის ხელშეკრულების გაფორმებას. იგი მიესალმება ეთნიკური დაყოფის ფაქტს და აცხადებს:

„ის, რის გამოც მხარეები ერთმანეთს 1992 წელს დაუპირისპირდნენ - ძალისმიერი მეთოდებით ვერ იქნა მიღწეული.ახლა კი, ცდილობენ ამ მიზანს პოლიტიკური ხერხებით მიაღწიონ “.

პარლამენტის წევრი სლავკო ჯოვიჩიჩი ბოსნიელი სერბი პოლიტიკოსია. მისი აზრით, სერბეთის რესპუბლიკა ცენტრალიზებული სახელმწიფოს სტატუსს არასდროს დათმობს:

„ბოსნია ჰერცეგოვინაში ერთი სახელმწიფოს დომინანტურობას ვერაფერი შეცვლის.რომ არა სერბეთის რესპუბლიკა, არც ბოსნია ჰერცეგოვინა იარსებებდა“

დაყოფები არსებობს ბოსნიის საგანმანათებლო სისტემაშიც. სხვადასხვა ეთნიკური დაჯგუფებები ცალკეული საკლასო განრიგებითა და პროგრამებით სარგებლობენ.

ქალაქ მოსტარში, სადაც 90 -იან წლებში შუღლი და დაპირისპირება განსაკუთრებულად აღინიშნებოდა, ახალგაზრდა თაობა მომავალს ოპტიმისტურად შესცქერის:

„ მე მჯერა,რომ თაობების ცვლის ფონზე, სიტუაციაც შეიცვლება“.

„ჩვენ ის ახალგაზრდა თაობა ვართ, ვინც მომავალი უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს“-ამბობს მეორე სტუდენტი.

ქალაქი მოსტარში ადგილობრივი მაცხოვრებლები ოტომანის ხიდით მუდამ ამაყობდნენ. ოტომანის ხიდი 400 წლის წინ აიგო და მუდამჟამ ქალაქის ღირშესანიშნაობას წარმოადგენდა. თუმცა გასული საუკუნის 90 -იან წლებში ეთნიკური დაპირისპირების დროს, ხიდი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა და მწყობრიდან გამოვიდა.

2004 წელს ოტომანის ხიდის აღადგინეს და პირვანდელი სახე დაუბრუნეს. მაგრამ მათთვის, ვინც ომის წლები გამოიარა და საკუთარი თანამემულისგან მტრობა და ღალატი ახსოვს - ოტომანის ხიდს სიმბოლური დანიშნულება აქვს. ფიზიკური იარები მოშუშდა, მაგრამ ისტორიული, პოლიტიკური და გონებრივი ჭრილობების ნაკვალევის გაქრობა, არცთუ ისე იოლია.

ანალიტიკოსების აზრით, ბოსნიის ნათელი მომავლის გარანტი მაინც ევროკავშირში შესვლაა. თუმცა მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, რადგან ბოსნიელებმა მორალური და სულიერი ტრამვები საბოლოოდ უნდა დაძლიონ.