დღევანდელი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი მსოფლიოში ერთერთი უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციის კერაა. აქ ასირიელები ცხოვრობენ და მათი ქრისტიანული ტრადიციები უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ერთერთი ასეთი ტრადიცია კი ღვინის დამზადებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონი სისხლისმღვრელი თურქულ-ქურთული კონფლიქტის შუაგულში მდებაროებს, ეს ტრადიცია მაინც შენარჩუნებულია. სამხრეთ-აღმოსაველთ თურქეთის ქალაქ მიდიათში „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი იმყოფებოდა.
ასირიელი ქრისტიანი იუსუკ ულუისიკი ყურძნის მტევნებს ხელით წურავს. ეს ის რიტუალია, რომელიც საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა.
„ეს ტრადიცია წინაპრებიდან მოგვდგამს და ყველაფერი კი ქრისტეს ეპოქიდან იღებს სათავეს. ახლაც ღვინოს სწორედ ისე ვამზადებთ, როგორც მრავალი საუკუნის წინ. ჩემი ოჯახი ღვინოს სწოერდ აქ ამზადებდა. ყოველ წელს ჩვენ ღვინით ორ ან სამ პატარა კასრს ვავსებთ, დასაღვინებლად შენობაში ვდგამთ, ხოლო დაღვინების შემდეგ კი ზეთოვან საჭმელთან ერთად ყოველდღიურად ორ-სამ ჭიქას მივირთმევთ,“ - ამბობს ულუისიკი.
ადრე აქ მეღვინეობას რამდენიმე ასეული ოჯახი მისდევდა. ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მეღვინე შემორჩა. ბევრი უბრალოდ ამ ქალაქიდან გაიქცა რადგან 80-იან და 90-იან წლებში თურქეთის არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის დაწყებულ კონფლიქტს გაერიდა. ულუისიკი ამბობს, რეგიონის მოსახლეობამ უკეთესი ცხოვრების მიზნით უცხოეთში დაიწყო წასვლა. ღვინოზე მოთხოვნაც შემცირდა. საშობაოდ თუ იყიდებოდა ხოლმე რამდენიმე ბოთლი. თუმცა ახლა, ღვინის წარმოების ხელახლა აღორძინება ხდება, რადგან ამ მხარეში ტურისტების ჩამოსვლა დაიწყო. ამან კი შესაძლოა მშვიდობას და რეგიონის კეთილდღეობას შეუწყოს ხელი. კაია გულერსანი პატარა სასტუმროს მფლობელია.
„ასირიელებს სწამთ, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა აღმოსავლეთის მხრიდან მოხდება. სწორედ ამიტომ ასირიულ სასაფლაოზე მიცვალებულს მჯდომარეს ვასაფლავებთ, რადგან ის მეორედ მოსვლას უნდა ელოდებოდეს,“ - ამბობს გულერსანი.
მან საკმაოდ ფეშენებელური სასტუმრო ერთი წლის წინ გახსნა. ის ასირიულ სტილშია მოწყობილი, რითაც ასირიელი ქრისტიანების ძველ და აყვავებულ დროს ახსენებს ტურისტებს. ღვინით გამასპინძლებაც გულერსანის სასტუმროს ერთერთი ძველი ტრადიციაა. მისი თქმით, აქ ტურისტებს ტაძრების მონახულებაც იზიდავთ. ერთერთი უძველესი ტაძარი აქ მორ გაბრიას ეკლესიაა, რომელიც 1600 წლის წინ აშენდა.
გულერსანი ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ მის სასტუმროში 60 ბერძენი მართლმადიდებელი ჩამოვიდა, რომლებმაც აქ თავიანთი ფესტივალი გამართეს. მას იტალიელი სტუმრებიც ჰყავდა და საერთოდ აქ მსოფლიოს ბევრი კუთხიდან ჩამოდიან ტურისტები. მიდიათიდან 40 კილომეტრის დაშორებით პატარა ქალაქი კაფკოი მდებარეობს. მოსახლეობამ კაფკოი 90-იან წლებში დატოვა, როდესაც აქ თურქეთის არმიის და ქურთი მეამბოხეების ბრძოლები დაიწყო. თუმცა, ხუთი წლის წინ ასირიული ოჯახები თავიანთ ქალაქს უბრუნდებიან. იაკუპ დემირი ერთერთი პირველი იყო, ვინც ოჯახთან ერთად შვეიცარიიდან დაბრუნდა.
„დაბრუნებაზე ფიქრი არასდროს შემიწყვიტავს. ჩვენ ამ მიწის შვილები ვართ. ჩვენ ამ მიწის უძველესი ხალხი ვართ. ჩვენი ისტორია თითქმის 5000 წელს ითვლის. თუმცა აქ რამდენიმე წლის წინ ცხოვრება გაუსაძლისი იყო, რამაც ჩვენ აქედან წასვლა გვაიძულა. ეხლა კი მსოფლიო იცვლება და იცვლება თურქეთიც და ჩვენ დაბრუნება გადავწყვიტეთ,“ - ამბობს დემირი.
ერთერთი მთავარი საქმიანობა კი რითიც ის დაკავდება ღვინის დაყენება იქნება. ეს ხომ ასირიელთა უძველესი ტრადიციაა. დემირს იმედი აქვს, რომ ძალიან მალე ასირიული ღვინო მსოფლიოში დიდ სახელს გაითქვამს.