მუსლიმები ობამას ეჭვის თვალით უყურებენ

რამდენად შეასრულა საკუთარი დაპირებები ბატონმა ობამამ?

ერთი წლის წინ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქაიროში ისტორიული მნიშვნელობის სიტყვით გამოვიდა, რომლის მთავარი მიზანი იყო მსოფლიოს მუსლიმ ხალხებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. თავის გამოსვლაში ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს ისლამს. გამოსვლის მიზანი იყო აგრეთვე მისი წინამორბედის ჯორჯ ბუშის პოლიტიკისგან გამიჯვნა რადგან ერაყსა და ავღანეთში გაჩაღებული საომარი მოქმედებების ფონზე ორივე მხარეს ბევრი ეჭვი გაუჩნდა. ერთი წლის შემდეგ ამერიკის ხმა არაბ, სამხრეთ აზიელ და ინოდნეზიელ მუსლიმთა წარმომადგენლობით ჯგუფს იმის შესახებ შეეკითხა თუ რამდენად შეასრულა საკუთარი დაპირებები ბატონმა ობამამ.

ბატონ ობამას ქაიროს მიმართვაში აისახა იმის იმედი, რომ მუსლიმებსა და ამერიკას შორის რელიგიურ, სოციალურ, სამთავრობო და ეკონომიკურ სფეროებში არსებული სხვაობა შეიძლება შემცირდეს. ერთი წლის წინ ობამამ განაცხადა:

„სანამ ჩვენს შორის ურთიერთობა მხოლოდ განსხვავებებით განიმარტება, ჩვენ უნებლიეთ იმათ ვაძლიერებთ, ვინც შუღლს აღვივებს და არა მშვიდობას, ვინც კონფლიქტს ემხრობა და არა თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ ხალხებს სამართლიანობისა და აყვავების მიღწევაში ხელს შეუწყობს.“

ზოგიერთი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ პროგრესის ზოგადი დაპირება შეიძლება პრეზიდენტის მიმართვის მთავარი ნაკლოვანება იყო. ჰალა მუსტაფა ეგვიპტეში გამოცემული ჟურნალი „დემოკრატიის“ რედაქტორია. იგი გასულ ივნისს ქაიროს უნივერსიტეტში პრეზიდენტ ობამას გამოსვლას დაესწრო. მისი თქმით:

„მე ვფიქორბ, რომ ყველა ვინც ესწრებოდა პრეზიდენტის გამოსვლას, მის მიმართვაში მხოლოდ იმას მოჰკრა ყური, რისი გაგებაც მას სურდა. ამდენად თუ თქვენ დემოკრატიული რეფორმების გატარება გაინტერესებდათ, თქვენ უდავოდ ამას გაიგებდით. ხოლო თუ თქვენ მთავრობის მხარეზე ხართ, თქვენ აგრეთვე კმაყოფილები იქნებოდით. სამშვიდობო პროცესს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ პალესტინელებმაც და ისრაელმაც ალბათ ის გაიგო, რაც მათ აწყობდათ. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიფქრონ, რომ ერთი წლის შემდეგ რაიმე კონკრეტულ მიღწევებზე საუბარი ზედმეტია.“

ქაიროში ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი საიდ სადეკი ეთანხმება ამ მოსაზრებას. მას მიაჩნია, რომ ობამასგან უბრალოდ ბევრს მოელოდნენ. მისი თქმით:

„რადგან ჩვენთან ავტოკრატიული წყობა კარგა ხანია რაც არსებობს და ამას გარდა არსებობს ბევრი ქრონიკული ხასიათის პრობლემა, რომლებსაც ვერავინ უმკლავდება, ხალხში ყოველთვის არსებობდა გმირის მოლოდინი. სუპერგმირისა რომელიც ყველა პრობლემას გადაჭრიდა და დემოკრატიასაც დანგარზე მოგვართმევდა. როცა იგი აქ ჩამოვიდა და ქაიროს უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, ხალში გაისმოდა ‘ობამა, შენ ჩვენ გვიყვარხარ!’ დღეს კი ზოგადად ყველას აპათიისა და იმედგაცრუების გრძნობა ეუფლება.“

მუსლიმანური სახელმწიფოების ქუჩებში ყველა დაკარგულ შესაძლებლობებს არ მისტირის. ჯაკარტაში განლაგებული სუნდა კელაპას მეჩეთის გარეთ ნოვი ანდრიანი ამერიკის ხმას გაესაუბრა. მისი თქმით:

„ობამას მიმართვის მოსმენის შემდეგ მე სულაც არ მეგონა, რომ ამერიკა უცებ შეიცვლებოდა. მე მჯერა, რომ ამერიკა თანდათან შეიცვლება, მაგრამ ეს სწრაფად არ მოხდება.“

ქაიროში იმ უნივერსიტეტის გარეთ, სადაც ობამას სიტყვას ხალხი მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა, სტუდენტი აჰმად გამალ ხატარი ამგვარად აჯამებს ერთი წლის შედეგებს:

„ზოგ შემთხვევაში მან თავისი სიტყვა შეასრულა, მაგრამ ზოგში კი არა. მან ერაყში ომი ახსენა და სამხედრო ძალების გაყვანის დაპირება დადო და რომ ერაყი თავისუფალი იქნებოდა. ჩვენ ეს ჯერ-ჯერობით არ გვინახავს. რაც შეეხება ავღანეთს, მან აღნიშნა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაგრამ იქ პირიქით მოხდა.“

ისრაელის თემას შეერთებულ შტატებსა და მუსლიმანურ ქვეყნებს შორის დიალოგში განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ქაიროში გამოსვლისას ბატონმა ობამამ დადო დაპირება, რომ იგი შეეწინააღმდეგება უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობას პალესტინურ მიწა-წყალზე. მაგრამ მიუხედავად ამისა უკანონო დასახლებების მშენებლობა გრძელდება, რაც ბევრი მუსლიმის გულისწრყრომას იწვევს.

შეერთებული შტატების მიმართ მუსლიმანური ქვეყნების მოსახლეობაში სამწუხაროდ ბევრი ეჭვი და ცრუ შეხედულებაა გავრცელებული. ასე პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ერთ-ერთი სტუდენტი ისლამის წინააღმდეგ ცოდვის ჩადენას პოპულარულ სოციალურ მედია ვებ გვერდს ფეისბუკს აბრალებს. კიდევ ერთი ისლამაბადელი სტუდენტი იბრაჰიმი აგრეთვე უარყოფითად აფასებს შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ობამას დამოკიდებულებას მუსლიმანური სამყაროს მიმართ. მისი თქმით:

„იგი უბრალოდ აგრძელებს ბუშის პოლიტიკას, რომელიც ტერორიზმის გაღვივებას ხელს უწყობს. მათ მუსლიმებთან კარგი ურთიერთობები არ აკავშირებთ. ისინი ჩვენ გვხოცავენ და მუსლიმებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. მათ მსოფლიოში ყველასთან კარგი ურთიერთობები აწყობთ მუსლიმების გარდა.“

ინდონეზიაში კი, სადაც მომავალი პრეზიდენტი ბავშვობაში ცხოვრობდა, ზოგიერთი აღნიშნავს, რომ მუსლიმანურ სამყაროსთან ურთიერთობების გაუმჯობესების წარუმატებლობა ბატონ ობამას ბრალი როდია.