მღვდელი პოპელუშკო კათოლიკურმა ეკლესიამ ნეტარად შერაცხა

მღვდელი პოპელუშკო კათოლიკურმა ეკლესიამ ნეტარად შერაცხა

თანამედროვე პოლონეთის ისტორიაში ალბათ ყველაზე უფრო პოპულარული პიროვნება მღვდელი იერჟი პოპელუშკო ვატიკანმა ნეტარად შერაცხა.

ვარშავის ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ანგელო ამატომ ლათინურ ენაზე აღავლინა მესა, რომელშიც 100 000-ზე მეტმა კაცმა მიიღო მონაწილეობა. თანამედროვე პოლონეთის ისტორიაში ალბათ ყველაზე უფრო პოპულარული პიროვნება მღვდელი იერჟი პოპელუშკო ვატიკანმა ნეტარად შერაცხა. მე 20-ე საუკუნის 80-იან წლებში მამა იერჟი პოპელუშკო არ ფარავდა თავის ანტი-კომუნისტურ შეხედულებებს და აქტიურ დახმარებას უწევდა გაფიცვებში მონაწილე მუშებსა და პოლიტიკური პატიმრების ოჯახების წევრებს. რადიო თავისუფალი ევროპა რეგულარულად გადასცემდა პოლონეთში მის ქადაგებას და იმ დროის პოლონელთა უმეტესობისათვის იგი კომუნისტური რეჟიმისადმი წინაარმდეგობის სიმბოლოდაც კი იქცა. 1984 წელს პოლონეთის უშიშროების აგენტებმა გაიტაცეს და ცემით მოჰკლეს იგი. ასობით ათასმა პოლონელმა მიაგო პატივი მის ხსოვნას, მისი სულის საოხად ჩატარებულ პანაშვიდზე. გასულ წელს მისი ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმიც კი გადაიღეს. პოლიტ- მეცნიერი ანჯეი კოზიცკი პოპელუშკოს ბავშვობიდან იცნობდა. აი რა თქვა მან ჩვენთან საუბარში:

-„იგი გმირი გახდა, რადგანაც იგი ღარიბი ოჯახიდან იყო და მან დროთა განმავლობაში ასეთ სიმაღლეს მიაღწია. იგი წინ აღუდგა ამ უზარმაზარ, ტოტალიტარულ სახელმწიფო აპარატს ქვეყანაში სადაც მას მუდამჟამ უთვალთვალებდნენ და ყოველ მის სიტყვას იწერდნენ. არც თუ ისე იშვიათად პროვოკაციებსაც კი მიმართავდნენ მის წინააღმდეგ.“

პოლონეთში არც თუ ისე უჩვეულოა კათოლიკური ეკლესიისა და რეჟიმისადმი პოლიტიკური წინაამდეგობის გაიგივება. კატოლიკურ ეკლესიას ბევრად უფრო დიდი გავლენა აქვს პოლონეთში, ვიდრე მის მეზობელ ქვეყნებში და ხშირად ეკლესია კონფლიქტშიც კი შესულა ხელისუფლებასთან. როგორც ისტორიკოსი ტადეუშ რუზიკოვსკი იხსენებს 80-იან წლებში კომენდანტის საათის გამოცხადების პერიოდში ერთადერთი ძლიერი მოქმედი პოლიტიკური ძალა სწორედ კათოლიკური ეკლესია იყო.

-„ეს ის დროა, როდესაც სოლიდარობის მოძრაობის ინფრასტრუქტურის მორღვევა მოახერხა რეჟიმმა და ეკლესია ერთადერთი დამოუკიდებელი ძალა იყო. შექმნილ სიტუაციაში მხოლოდ ეკლესიაში იყო შესაძლებელი აზრის თავისუფლად გამოთქმა.“

ზოგს მიაჩნია, რომ ამის უკან პოლონური წარმოშონის რომის პაპი ოანე პავლე მეორე იდგა, რომლის მუხლჩაუხრელი ძალისხმევის შედეგად პოლონეთში კომუნისტური რეჟიმი დაემხო. პოლონელებისათვის სწორედ ეკლესია გახდა პოლონელი ერის ეროვნული თვითშეგნების გამომხატველი.

-„ჩვეულებრივი პოლონელებისათვის ეკლესია იყო ის ინსტიტუტი, რომელმაც შეინარჩუნა პოლონელი ერის პატრიოტული და ისტორიული ფასეულობები და მტერთან ბრძოლის ტრადიციები. სწორედ ეკლესია იყო ის ძალა, რომელმაც ჩვეულებრივ პოლონელებს მისცა იმის შესაძლებლობა, რომ შეენარჩუნებინათ არა მხოლოდ ეროვნული ტრადიციები, არამედ ის ფასეულობებიც, რომელიც კომუნისტური რეჟიმისათვის მიღებელი იყო. „- აღნიშნა ტადეუშ რუზიკოვსკიმ.

კათოლიკური ეკლესიის კანონის თანახმად წმინდანად შერაცხვამდე ჯერ უნდა მოხდეს კანდიდატის ნეტარად შერაცხვა და ამ პროცესში უნდა დამტკიცდეს ის, რომ პიროვნებამ ნამდვილად დაღვარა სისხლი სარწმუნოებისათვის.

ვარშავის ცენტრში ჩატარებული წირვის შემდეგ მამა იერჟი პოპელუშკოს ნეშტი ვარშავის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში გადაასვენეს.