ამერიკელები მხარს უჭერენ ლიბიელთა ბრძოლას საკუთარი უფლებებისათვის

ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი მხარს უჭერენ ლიბიელი ხალხის ბრძოლას საკუთარი უფლებებისათვის. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით ისინი მკაფიოდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, რაც იმაში მდგომარეობს რომ კადაფი უნდა წავიდეს. ჩვენი აზრით ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ყოველგვარი ძალადობის და სისხლისღვრის გარეშე.

შეერთებული შტატებისთვის ცნობილია ის მხეცობა რაც კადაფის რეჟიმმა ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. 26 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ ცალსახად განაცხადა, რომ ომის დანაშაულები და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა უპასუხოდ არ დარჩება.

შეერთებულმა შტატებმა კადაფის რეჟიმის მაღალჩინოსნებს მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილების საშუალება მოუსპო. პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ამერიკის ბანკებში ლიბიის ანგარიშების გაყინვა ბრძანა და კადაფის მთავრობის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები შემოიღო. ლიბიის მმართველი რეჟიმი პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე. ვაშინგტონმა სრულიად შეწყვიტა ისედაც შეზღუდული თანამშრომლობა ლიბიასთან იარაღით ვაჭრობის სფეროში.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ლიბიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის გაადვილებას ითვალისწინებს. ლიბიელები ქვეყნაში გამეფებული ქაოსისგან თავის დაღწევას ეგვიპტეში და ტუნისში გაქცევით ცდილობენ, სადაც საკუთარი პრობლემებიც საკმარისად გააჩნიათ.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია რეგიონის ქვეყნებს ლიბიაში დაქირავებული მეომრების გადაყვანის აკრძალვისკენ მოუწოდებს.

რეგიონის ქვეყნებში დაწყებული ცვლილებები თავად ამ ქვეყნების შიდა პრობლემებმა გამოიწვია და ეს არ იყო წახალისებული გარედან. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. მისი თქმით, ყველა ქვეყანა თავისებურია და ყველამ შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ხალხის პრობლემები.

შეერთებული შტატები რეფორმატორებს უჭერს მხარს. ბაჰრეინის მეფე ჰამადი და იორდანიის ხელმწიფე აბდულა ყველაფერს აკეთებენ, რათა მათი სახელმწიფოების განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილებები განახორციელონ. ჩვენ დიდი ისტორიული გამოწვევების და შესაძლებლობების დროში ვცხოვრობთ. ვაშინგტონის პოლიტიკა ამ რეგიონის, ამერიკის და მთელი მსოფლიოს ინტერესებით არის ნაკარნახევი. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.