რუს მეცნიერს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ პირებზე ცვლიან

მეცნიერი იგორ სუტიაგინის ადგილმდებარეობის შესახებ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

რუსეთში ჯაშუშობისთვის დაპატიმრებული მეცნიერის ადვოკატის ცნობით, მისი კლიენტი გაათავისუფლეს. მაგრამ მეცნიერი იგორ სუტიაგინის ადგილმდებარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

მისი ოჯახის წევრების ცნობით, მეცნიერის გათავისუფლება ამერიკასთან ჯაშუშების გაცვლის ნაწილია, რომელიც უშუალოდ უკავშირდება გასული თვის მიწურულს შეერთებულ შტატებში რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავებას.

აღსანიშნავია, რომ არც შეერთებული შტატებისა და არც რუსეთის ოფიციალური პირები არ ადასტურებენ ამ ინფორმაციას.

სერგეი მარკოვი რუსეთის დუმას დეპუტატი და მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ წევრია. მისი თქმით, მან შეიტყო ჯაშუშების გაცვლასთან დაკავშირებული ჭორების შესახებ.

მარკოვმა ამერიკის ხმას მოახსენა, რომ თუ ჯაშუშების გაცვლა ნამდვილად მოხდა, ეს როგორც შეერთებული შტატებისა ისე რუსეთის მხრიდან საკმაოდ უჩვეულო აღიარება იქნება. ამასთან დაკავშირებით მარკოვმა აღნიშნა:

„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ გაცვლით ორივე მხარე ადასტურებს იმას, რომ დაკავებული პირები ნამდვილად ჯაშუშები იყვნენ.“

სუტიაგინი 15-წლიან პატიმრობას იხდიდა მას შემდეგ რაც მას ბრიტანული ფირმისთვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიწოდებისთვის გამოუტანეს განაჩენი. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხსენებული ბრიტანული ფირმის მიღმა შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურები მუშაობდნენ.

სუტიაგინი და მისი ოჯახი გამუდმებით უარყოფენ მის დანაშაულს. სუტიაგინის საქმეს ადამინის უფლებების დამცველი ჯგუფებიც ადევნებდნენ თვალ-ყურს. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთის მთავრობამ უსამართლოდ გაასამართლა იგი.

მაგრამ მარკოვის ცნობით შეერთებულმა შტატებმა უკვე აღიარა, რომ სუტიაგინი ჯაშუში იყო. მარკოვი დასძენს:

„ეს ზოგიერთი რუსი ადამიანის უფლებების დამცველისთვის დიდი შოკი იყო, რადგან ისინი სუტიაგინს დიდი ხნის მანძილზე იცავდნენ. ისინი გაუმდმებით იმეორებდნენ, რომ ეს მეცნიერი სუკმა დააპატიმრა, რომ პუტინი მეცნიერებას ზღუდავს და ასე შემდეგ.“

ამასობაში შეერთებულ შტატებში რუსეთისთვის ჯაშუშობისთვის დაკავებულ ათ პირს წარუდგინეს ბრალდება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ამერიკაში რეგისტრაციის გარეშე უცხოური მთავრობის დავალებით მოქმედებდნენ. მათ ბრალად ედებათ შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურებში შეღწევის მცდელობა პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ამას გარდა ცხრა პირს აგრეთვე ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

როგორც ცნობილია, კვიპროსზე თავდებით გათავისუფლებული მეთერთმეტე ეჭვმიტანილი დღემდე იძებნება.