სირიაში მზარდი არეულობის ფონზე, ასობით ლტოლვილი მეზობელ თურქეთში გადადის. სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სახალხო გამოსვლები იზრდება და თურქეთის მთავრობა შიშობს, რომ ამას შეიძლება ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვეს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იუწყება, რომ ოფიციალური ანკარა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სირიის დესტაბილიზაცია შეიძლება თურქეთსაც მოედოს.
პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამხედრო ძალების მიერ ანტი-სამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის კამპანიისგან თავის დაღწევის მიზნით ასობით სირიელი თურქეთში გადადის. სირიელი ლტოლვილების დიდი ნაწილი ქალაქ ჯისრ ალ-შუღოუს მკვიდრნი არიან, სადაც ორშაბათს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების შედეგად უსაფრთხოების ძალების 120 ჯარისკაცი მოკლეს.
სირიის მთავრობამ უსაფრთხოების ძალებს საპასუხო ზომების ჩატარება უბრძანა და დემონსტრანტები შეიარაღებულ ბანდიტებად გამოაცხადა.
სირიაში ძალადობის ესკალაციის პარალელურად, თურქი პოლიტიკური მიმომხილველი სოლი ოზელი აღნიშნავს, რომ შექმნილი მდგომარეობის შედეგად შეიძლება კრიზისი წარმოიქმნას. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გასულ თვეს სირიიდან თურქეთში 250 ლტოლვილი გადავიდა.
„კონფლიქტის ზონიდან ხალხის გაქცევა, როგორც წესი, მასობრივ ხასიათს ატარებს,“ აღნიშნავს სოლი ოზელი.
ერაყის კრიზისის შედეგად, თურქეთში ათობით ათასი ლტოლვილი აღმოჩნდა. თურქულ მედიაში გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, თურქეთის მთავრობა 10,000 სირიელ ლტოლვილზე გათვლილ დროებით თავშესაფარს ამზადებს.
უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთსა და სირიას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ოთხშაბათს გამოსვლისას, თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა განაცხადა, რომ თურქეთის საზღვარი კვლავინდებურად ღია დარჩება.
თავის გამოსვლაში ბატონმა ერდოგანმა საზღვრის დახურვა გამორიცხა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები თურქეთის მთავრობას აშფოთებს. პრემიერ მინისტრმა მოუწოდა დამასკოს საკუთარი ხალხის მიმართ უფრო მეტი შემწყნარებლობა გამოიჩინოს და სასწრაფოდ რეფორმები გაატაროს.
თურქეთის პრემიერ მინისტრი პრეზიდენტ ასადისგან რეფორმების ჩატარებას ითხოვს, თუმცა ანკარა, შიდა და გარე ზეწოლის მიუხედავად, უფრო მკაცრი განცხადებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. თურქი ოფიციალური პირების თქმით, დამასკოს რეფორმების ჩატარებისთვის დრო სჭირდება.
მაგრამ კრიზისის ესკალაციის პარალელურად, ანკარა დამასკოს მიმართ მიდგომას ამკაცრებს. თურქული გაზეთის „მილიეთის“ დიპლომატიური მიმომხილველი სემიჰ იდიზი აღნიშნავს, რომ თურქეთის მთავრობა თავის პოზიციას თანდათან აზუსტებს.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბაშარ ალ-ასადსა და პრემიერ მინისტრ ტაიპ ერდოგანს შორის ამჟამად დიალოგი მიმდინარეობს. იმავდროულად, ცოტა ხნის წინ თურქეთში სირიის ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, რაზეც დამასკოს მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა,“ აღნიშნა სემიჰ იდიზმა.
ანკარა იმედს გამოთქვამს, რომ რეფორმების გატარებისა და სირიის ოპოზიციასთან მოლაპარაკებების წარმართვის გზით სირიის მთავრობა ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას განმუხტავს. მაგრამ მიმომხილველების აზრით, მზარდი ძალადობის ფონზე მოვლენების ამგვარი განვითარება სულ უფრო ნაკლებად რეალისტურია.