კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას სპეციალური აპლიკაციით შეეცდებიან

გქონდათ თუ არა კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის დადგენას ახალი აპლიკაციით ორი გიგანტი კომპანია "ეფლი" და "გუგლი" შეეცდებიან.

კომპანიის სპეციალისტები, ამ დროისთვის, აქტიურად მუშაობენ ახალი აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც ბლუთუთზის საშუალებით მიიღებს და გასცემს ანონიმურ ინფორმაციას, თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებთან.

რას ნიშნავს ეს?

მაგალითად, თუ თქვენ გადაადგილდებით ტელეფონით ქუჩაში, მაღაზიაში ან ნებისმიერ სხვა ადგილზე, ან სულაც, იმყოფებით აივანზე - თქვენი მობილურ ტელეფონი, ბლუთუთზის საშუალებით, გასცემს სიგნალს სხვა მობილურ ტელეფონებზე, რა დროსაც დაფიქსირდება ახლო კონტაქტი.

როგორ განისაზღვრება გქონდათ თუ არა ახლო კონტაქტი?

ბლუთუზით, ერთი მობილურიდან მეორე მობილურზე, დაკავშირება შორ მანძილზე არ ხდება. ახლო კონტაქტის დროს კი მობილური მოწყობილობებიდან მიღებულ ინფორმაციებს, აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში მიაწვდის ჯანდაცვის ორგანიზაციებს, სადაც მონაცემები შეინახება.

იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდება ადამიანს, რომელიც თქვენ ქუჩაში, მაღაზიაში, სადარბაზოში ან სულაც აფთიაქში შეგხვდათ, ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგაწვდით ინფორმაციას, რომ დაფიქსირდა კონტაქტი თქვენსა და ინფიცირებულ ადამიანს შორის, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენც დაინფიცირდით.

ამით, სპეციალისტები შეძლებენ დაადგინონ იმ პირთა წრე, ვისაც დაინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. ეს კი სპეციალისტებს პრევენციული ზომების მიღების საშუალებას მისცემს.

მონაცემების გაცვლის იდეა ბევრი ადამიანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და გაჩნდა კითხვები პერსონალურ მონაცემთა დაცულობის შესახებ. თუმცა, ამერიკული გიგანტი კომპანიები ირწმუნებიან, რომ კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

პროგრამაზე მუშაობის დასრულებას, "გუგლის" და "ეფლის" სპეციალისტები, მაისში გეგმავენ. ვიდრე აპლიკაცია მუშაობას დაიწყებს, ბევრი სხვა პროცედურაა გასავლელი. კომპანიების გადაწყვეტილებით, აპლიკაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება.

რა პოზიციას დაიკავებს თეთრი სახლი და აშშ-ის მთავრობა ამ დრომდე უცნობია. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, „ეფლისა“ და „გუგლის“ იდეა საინტერესოა, თუმცა არსებობს კითხვის ნიშნები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. მეტიც, პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ საკითხზე მისი ადმინისტრაცია მუშაობს და გადაწყვეტილების მისაღებად დრო არის საჭირო.

"აქ ბევრი კითხვის ნიშანი ისმება პერსონალური თავისუფლების შესახებ. ბევრ ადამიანს ადარდებს ეს. სწორედ ამიტომ, გვჭირდება დრო გადაწყვეტილების მისაღებად. იდეა ძალიან საინტერესოა,"- ამბობს პრეზიდენტი ტრამპი.