სტრიპის  ნომინაცია ოსკარზე

მსოფლიოში აღიარებული მსახიობი ქალი-მერილ სტრიპი სცენასა და კინოში ოცდაათი წელია მოღვაწეობს. 60 წლის მომხიბვლელი გარეგნობის სტრიპს თავისი შემოქმედების მანძილზე ბარონესადან დაწყებული მაწანწალა ლოთი ქალით დამთავრებული- არაერთი საინტერესო გმირის სახე აქვს შექმნილი.

უკანასკნელი ფილმი,რომელშიც მერილ სტრიპი ამერიკის ტელევიზიაში კულინარიული გადაცემის სახეს- ჯულია ჩაილდს განასახიერებს - წელს ოსკარის ჯილდოზეა წარდგენილი.


„გამოგიტყდებით და ჩემი შემოქმედების მანძილზე მუდმივად მიტაცებს გმირის ადამიანური სისუსტეების განსახიერება. ამ ქვეყნად უნაკლო არავინაა და გმირის ხასიათის მანკიერი თვისებების ამოცნობა ჩემთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია.მიუხედავად იმისა,რომ ‘’ჯული და ჯულიას’’ მთავარი გმირი ძალზე ბედნიერი და რეალიზებული ქალია,მისი ხასიათი ჩემთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა.“

სტრიპის თქმით ჯულია ჩაილდის გმირის განსახიერებით მან დედის ხსოვნას პატივი მიაგო. მერილ სტრიპის დედაც ოდესღაც ტელევიზიაში მოღვაწეობდა.სტრიპის მშობლები,მისივე თქმით, ძალზე ნიჭიერი, მაგრამ უცნაური და სასაცილო ადამიანები იყვნენ.

სტრიპის მსახიობურ კარიერას საძირკველი იელის დრამის სკოლაში ჩაეყარა.დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა მსახიობი ნიუ იორკში ჩავიდა.ამ ქალაქში დაიწყო მერილ სტრიპის შემოქმედებითი აღმავლობა,რამაც მსახიობ ქალბატონს კინოსა და თეატრში საუკეთესოდ განსახიერებული როლების შედეგად მსოფლიო აღიარება მოუტანა.

„შინაგანად ვგრძნობდი,რომ მსახიობი ვიყავი. ყველა სახის როლის თამაშისთვის ვიყავი მზად: მსუქანი მოხუცი ქალი იქნებოდა ეს,თუ ახალგაზრდა მომხიბვლელი ქალიშვილი....მეგონა თიხის ვიყავი და ნებისმიერ გმირის გამოძერწვა შემეძლო“


ამ რწმენის ხარჯზე მოხდა ის,რომ მერილ სტრიპის კინოგმირების გალერეას პროფკავშირის აქტივისტი ქალის, ლესბოსელის, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვისა და მოღალატე მეუღლის უზადოდ შესრულებული როლები ამშვენებს.


მერილს სტრიპი ცნობილი იმითაცაა,რომ გადაღებების დროს ხშირად ფილმის რეჟისორს სცენარში შესწორებას სთხოვს.ფილმში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ მერილ სტრიპმა დაარწმუნა რეჯისორი,რომ მისი გმირი ჯოანა ზედმეტად დაუნდობელ ქალად იყო სცენარში გამოყვანილი და რამოდენიმე დიალოგის ხელახლა გადაწერა მოითხოვა.

მერილ სტრიპი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩაბმული და საქველმოქმედო პროექტებშიც ღებულობს მონაწილეობას. 2006წელს სტრიპი დარფურის დასახმარებლად გამართულ სატელევიზიო მარათონში იღებდა მონაწილეობას.

გასულ თვეს კი-ჰაიტელთა დასახმარებლად,სტრიპმა აუქციონზე გასაყიდად ის კაბა გაიტანა, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოვების ცერემონიალზე ეცვა.მოგვიანებით სტრიპმა ასევე მორგან ფრიმანთან, ჯულია რობერტსთან და სხვა ჰოლივუდის ვასრკვლავებთან ერთად ჰაიტის მიწისძვრასთან დაკავშირებული საზოგადოებისადმი მიმართვაც ჩაწერა.

მერილ სტრიპის სამსახიობო ჯილდოთა ჩამონათვალი დღესდღეობით საკმაოდ გრძელია.თუმცა ეს სია წლევანდელი კინოაკადემიის კიდევ ერთი ჯილდოთი შესაძლოა გაიზარდოს. კინოაკადემიამ მერილ სტრიპი ფილმში „ჯული და ჯულია „ მთავარი როლის განსახიერებისათვის ოსკარის ჯილდოზე მეთერთმეტეჯერ წარადგინა .ეს კინოაკადემიის ისტორიაში მსახიობის დაჯილდოვების მიმართულებით უპრეცედენტო შემთხვევა გახლავთ.


მიუხედავად მაყურებლის საყოველთაო აღიარებისა მერილ სტრიპი ბუნებით თავმდაბალი და რეალისტური ხასიათის მქონე ქალია.

ერთხელ მან ჩვეული იუმორით აღნიშნა:“ვცდილობ ჩვეულებრივი ქალის ცხოვრებით ვიცხოვრო.არაფერი დაშავდება ,თუ თეთრეულს ხანდახან საკუთარი ხელით გავაუთოვებ“