ამჟამად პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ეროვნული უშიშროების დარგში დემოკრატთა ადმინისტრაციის მაკრიტიკებლებისთვის პასუხის გაცემა წარმოადგენს:
„მე ყველაზე მეტად მომეთხოვება ჩვენი მოქალაქეების უშიშროებაზე ზრუნვა. ხოლო როდესაც სისტემა ვერ ამართლებს, ეს პირველ რიგში ჩემი მარცხია". განაცხადა პრეზიდენტმა.
რესპუბლიკელების უმრავლესობა და ზოგი დემოკრატიც აკრიტიკებს ადმინისტრაციას, 24 დეკემბერს ამერიკაში მომავალ თვითმფრინავში ტერაქტის განხორციელების მცდელობაზე შენელებული და არაადეკვატური რეაქციის გამოხატვისთვის:
-„როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩვენ ვომობთ, აუცილებელია ამ სიტყვების საქმით გამაგრებაც. მან საკუთარ აპარატს გარკვეული ინსტრუქციები უნდა მისცეს და აუხსნას მათ, რომ ასეთი ფაქტი საომარი მოქმედების მსგავსად შაეაფასონ და სათანადოდ იმოქმედონ. ამ შემთხვევაში აუცილებელია მაქსიმალური სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაც". განუცხადა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსს" არიზონის შტატის წარმომადგენელმა სენატორმა ჯონ კილმა.
ობამამ პრეზიდენტობის პირველი წელი თითქმის მთლიანად დაუთმო ქვეყნის საშინაო პრობლემებს, ეკონომიკას, ბანკებს, ავტოინდუსტრიის გადარჩენას და ჯანდაცვის რეფორმას. რესპუბლიკელები კი ერთიანი ფრონტით ძირითადად ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტის წამოწყებებს. თუმცა ერაყში დამატებით ოცდაათი ათასი ჯარისკაცის შეყვანას მათ მხარი დაუჭირეს. ტერორიზმის გამოცოცხლება პრეზიდენტს დამატებით სიძნელეებს უქმნის:
„ითვლება, რომ მთელი ჩვენი უახლოესი წარსულის განმავლობაში, რესპუბლიკელები ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საკითხებს ბევრად უფრო სერიოზულად უდგებიან. დემოკრატები კი ამ საკითხებში მოიკოჭლებენ. მე ვიტყოდი, რომ ზემოთქმული შეხედულება ზოგჯერ შეესაბამება სიმართლეს, ზოგ შემთხვევაში კი არა. თუმცა ვიეტნამის ომის შემდეგ ასეთი სტერეოტიპი მყარად ჩამოყალიბდა". გვეუბნება ვირჯინიის უნივერსიტეტში მოღვაწე პოლიტოლოგი ლერი საბატო.
კრიტიკა მაშინ გაისმის, როდესაც ამერიკის კონგრესი პრეზიდენტი ობამას პრიორიტეტული საკითხის, ჯანდაცვის რეფორმის საბოლოოდ მიღებას ცდილობს. დემოკრატებს ამ კანონპროექტის მიღება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში სურთ. თუმცა ბევრი პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის საკონგრესო არჩევნების დროს, დემოკრატიულ პარტიას ჯანდაცვის კანონის მიღებამაც კი შეიძლება ვერ უშველოს. ზოგს კი ამ საკითხთან დაკავშირებით საწინაარმდეგო მოსაზრება აქვს:
- „ჩემის აზრით, ეს მას ძალზე დაეხმარება. გამოღებულ შედეგს წელსვე, არჩევნების მოახლოვების დროს ვერ დავინახავთ, მაგრამ 2012 წლისთვის კი ალბათ აუცილებლად შევიგრძნობთ. უდაოა, რომ ჯანდაცვის კანონის მიღება ისტორიული მოვლენაა". ამბობს ვაშინგტონის ორპარტიული პოლიტიკური ცენტრის ისტორიკოსი მეთ დელეკი.„ჯერ-ჯერობით წინასწარმეტყველებენ, რომ რესპუბლიკელები არჩევნების დროს ისე ვერ დაამარცხებენ დემოკრატებს, რომ სენატსა და კონგრესში უმრავლესობა მოიპოვონ. თუმცა ის მაინც აღსანიშნავია, რომ ახლა ხალხის უმრავლესობა ვაშინგტონში ძალაუფლებაში მყოფი პარტიის წინააღმდეგაა მომართული". ამბობს „დეილი ნიუსის" სააგენტოს ვაშინგტონის ბიუროს უფროსი ტომ დე ფრენკი.
ლერი საბატო კი თვლის, რომ არჩევნების ბედი ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე და უმუშევრობის მაჩვენებელზეა დამოკიდებული:
„არჩევნები ობამას პოპულარობაზე, ტერორიზმის წინმააღმდეგ წარმოებულ ომში წარმატების მიღწევასა და რა თქმა უნდა უმუშევრობასა და ეკონომიკაზე იქნება დამოკიდებული". თვლის საბატო. საინტერესოა ისიც, რომ ისტორიულად ახლადარჩეული პრეზიდენტის პარტია, როგორც წესი მარცხს განიცდის ხოლმე პირველივე საკონგრესო არჩევნებში. საგულისხმოა, რომ რესპუბლიკელების მცირე გამარჯვებაც კი ობამას სერიოზუულ პრობლემებს შეუქმნის.