გუანტანამოს საპყრობილის თაობაზე საჯარო მოსმენა გაიმართა

ასობით ხალხი დაესწრო საჯარო მომსმენას, რომელიც გუანტანამოს საპყრობილედან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პატიმრების შეერთებული შტატების ციხეში გადაყვანას მიეძღვნა

კუბაზე მდებარე გუანტანამოს საპყრობილედან ილინოისის შტატის ერთ-ერთ ციხეში დაახლოებით 100 პატიმრის გადაყვანის გეგმის მომხრეები და მოწინააღმდეგეები სამშაბათს ჩატარებულ საჯარო მოსმენაში მონაწილეობდნენ. ილინოისის შტატში ციხის მახლობლად მცხოვრებთა უმეტესეობა მხარს უჭერს პატიმრების გადაყვანას რადგან ეს სამუშაო ადგილების ზრდას შეუწყობს ხელს. მაგრამ ილინოისის შტატის სხვა რაიონების მცხოვრებლნი შეერთებული შტატების მიწა-წყალზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი პატიმრების გადაყვანას ეწინააღმდეგებიან. ილინოისის შტატის ქალაქ სტერლინგში ჩატარებული საჯარო მოსმენის ფარგლებში ოფიციალურ პირებს მიეცათ პატიმართა გადაყვანის გეგმასთან დაკავშირებული დეტალების აღსნა-განმარტების შესაძლებლობა.

დეკემბრის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უბრძანა შეერთებული შტატების საპყრობილეების ბიუროს დასავლეთ ილინოისში მდებარე თომსონის გამოსასწორებელი ცენტრის შესყიდვა. სწორედ იქ აპირებენ 100 პატიმრის გადაყვანას გუანტანამოს ციხიდან. პატიმრების გადაყვანასთან დაკავშირებით თომსონის ციხის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას ადარდებს ორი ძირითადი საკითხი. ერთის მხრივ მათ ესმით, რომ მთავრობის გეგმას მოჰყვება სამუშაო ადგილების ზრდა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რადგან ამ რეგიონში საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა მაღალი უმუშევრობისა და რეცესიის გამო. მეორეს მხრივ კი ბევრს ადარდებს უშიშროების საკითხი, რადგან ციხეში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პატიმრები იქნებიან მოთავსებულნი.

ილინოისის შტატოს გუბერნატორის პეტ ქვინის თანაშემწემ ჯეკ ლავინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების საპყრობილეების ბიუროს მიერ თომსონის გამოსასწორებელი ცენტრის შესყიდვა უსათუოდ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. მისი თქმით:

„თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭომ გამოანგარიშა, რომ ამ ზომის განხორციელების შედეგად 3,800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ციხის პირველი ოთხი წლის მუშაობის მანძილზე ილინოისის შტატი 1 მილიარდ დოლარზე მეტს მოგებას ნახავს.“

ამ სიტყვით ლავინმა მიმართა ილინოისის შტატის მთავრობის დაგეგმარებისა და პასუხისმგებლობის კომისიის წევრებს, რომლებიც თომსონის გამოსასწორებელი ცენტრიდან 30 კილომეტრით დაშორებული ქალაქ სტერლინგის ერთ-ერთი სკოლის შენობაში შეიკრიბნენ საჯარო მოსმენისთვის. ლავინმა აგრეთვე აღნიშნა:

„არცერთი გუანტანამოდან გადმოყვანილი პატიმრის გათავისუფლება შეერთებულ შტატებში არ იგეგმება. არცერთ თომსონის ცენტრში გადაყვანილ პატიმარს არ გაასამართლებენ ილინოისის ფედერალურ სასამართლოებში.“

ამ დაპირებების მიუხედავად დამსწრეთა ერთი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი მთავრობის გეგმის მიმართ.

მართალია ილინოისის შტატის მცხოვრები არაა, დები ლი არიზონიდან იმგზავრა მოსმენებში მონაწილეობის მისაღებად. მისი შვილი, მარკი, შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, 2006 წელს ერაყში დაიღუპა. დები ლის თქმით, 2008 წელს იგი ესტუმრა გუანტანამოს საპყრობილეს და იგი ეწინააღმდეგება ტერორიზმში ეჭვმიტანილი პატიმრების გადაყვანას შეერთებულ შტატებში.

ილინოისის შტატის მთავრობის დაგეგმარებისა და პასუხისმგებლობის 12-წევრიანი კომისია თავის დასკვნას ილინოისის შტატის გუბერნატორს პეტ ქვინს გადასცემს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომისიის წევრებმა უარი თქვეს ციხის გაყიდვაზე, გუბერნატორი ქვინი არ არის ვალდებული შეასრულოს კომისიის რეკომენდაციები.