ნატოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს ნატოს გენერალური მდივანი

1. დღეს კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებებათა მორიგი, მეშვიდე რაუნდი გაიმართება. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები, აშშ-ის, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, ასევე აფხაზ და ოსთა დელეგაციები. წინასწარი ინფორმაციით, ჟენევის დღევანდელ საერთაშორისო მოლაპარაკებათა მეშვიდე რაუნდზე აქტიურად განიხილება აფხაზ და მათ რუს მფარველთა განზრახვა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საქართველოსავე გემების ჩაძირვის შესახებ. უფრო კონკრეტულად ქართული დელეგაციის წარმომადგენლები მოგავხსენებენ.

2. კიდევ ერთი სიახლე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 15 სექტემბრის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირი სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ასოცირებულ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების პირობებთან დაკავშირებულ წინადადებებს ნოემბრის დასაწყისში წარმოადგენს. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, ”თუ როგორ გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები ”სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში ოლი რენმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მომზადდება მოლაპარაკებების მანდატის პროექტი ნოემბერში, შესაძლებელი გახდება მოლაპარაკებების პროცესის წინ წაწევა ”იმ ტემპით, რომელსაც [ევროკავშირის ] თავმჯდომარე ქვეყანა და წევრი სახელმწიფოები ჩათვლიან საჭიროდ”. ევროკავშირის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები სექტემბრის ბოლოს შეიკრიბებიან, ხოლო 26-27 ოქტომბერს გაიმართება ამ ქვეყნების და ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოების შეხვედრა, სადაც მოცემული საკითხი იქნება განხილული. საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა 2 სექტემბერს, რომ საქართველომ მოამზადა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ყველა წინადადება და დოკუმენტი. ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ იმ შეთანხმებებს ეფუძნება, რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში თავდაპირველი 10- წლიანი პერიოდით და ყოველწლიურად ავტომატურად გრძელდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩამოყალიბებით კიდევ უფრო გაღრმავდა ევროკავშირის ახალი ხედვა სამ ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარების კუთხით.

3. ნატოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს ნატოს გენერალური მდივანი. რასმუსენის თქმით, მსოფლიოში არსებული დღევანდელი პრობლემები არც ნატოსთვის და არც რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის. ამ საკითხებზე ახალი გენერალური მდივანი დღეს უშუალოდ რუსეთის წარმომადგენელ დმიტრი როგოზინთანაც აპირებს საუბარს. შეხვედრა რასმუსენის ინიციატივით ორგანიზაციის შტაბ - ბინაში გაიმართება. ` გარკვეულ საკითხებში ნატოს და რუსეთს ნამდვილად აქვთ შეუთანხმებლობა. თუმცა ძალიან დიდი ენერგიას ვხარჯავთ იმისათვის, რათა ეს საკითხები აღმოიფხვრას. ჩვენ გვჭირდება ახალი საწყისი, რათა დავამყაროთ ნდობა რუსეთსა და ნატოს შორის. უახლოეს მომავალში მე წარმოვადგენ კონკრეტულ წინადადებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. ვფიქრობ, ნატოს და რუსეთის ურთიერთობას დიდი პოტენცია აქვს. არსებული გამოწვევების პირობებში წარმოუდგენელია, რომ არ მოხდეს ამ პოტენციალის გამოყენება. მსოფლიოში არსებობს უამრავი პრობლემა და ასეთი მსოფლიო, დარწმუნებული ვარ, არ შედის არც ნატოს და არც რუსეთის ინტერესებში. ვფიქრობ, შეუთანხმებელი საკითხების მოგვარების სურვილმა უფრო უნდა დაგვაახლოვოს,`-აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.