ევროკავშირის ცნობით, მოლაპარაკება ირანსა და მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორის ალბათ სტამბოლში გაიმართება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორი ხავიერ სოლანა აცხადებს, რომ ირანსა და მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორის მოლაპარაკება ალბათ სტამბოლში გაიმართება. კოორდინატორი იმედოვნებს, რომ პირველი ოქტომბრისთვის დაგეგმილი შეხვედრა უფრო კონსტრუქციული იქნება, ვინაიდან მოლაპარაკებებში შეერთებული შტატები პირველად მიიღებს მონაწილეობას ფორმალური სახით. ვაშინგტონს ამ შეხვედრაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი წარმოადგენს. ირანთან მოლაპარაკებები მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს უკვე ერთი წელია რაც არ გაუმართავთ. ბერნსი ჟენევაში 2008 წელს გამართულ შეხვედრას დამკვირვებლის სახით ესწრებოდა. სტამბოლში ამერიკის გარდა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი იქნებიად წარმოდგენილები. სოლანა აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები ბირთვული სამუშაოების შეწყვეტის სანაცვლოდ თეირანს კიდევ ერთხელ შესთავაზებენ დახმარების აღმოჩენას და სანქციების გაუქმებას, ხოლო თუ თეირანი ისევ უარზე წავა ისინი სანქციების გამკაცრებით იმუქრებიან. დასავლეთი დარწმუნებულია იმაში, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს. ამას თეირანი უარყოფს და აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს.