ამერიკელი ჟურნალისტები სამშობლოს დაბრუნდნენ

ორი ამერიკელი ჟურნალისტი, რომლებიც თითქმის ხუთი თვის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ს დაბრუნდა. მათი გათავისუფლების საქმეში დიდი როლი ითამაშა აშშ-ს ყოფლმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა. ჟურნალისტ იუნა ლის აეროპორტში მისი ოთხი წლის გოგონა ჰანა დახვდა, რომელსაც დედა თითქმის ხუთი თვის განმავლობაში არ უნახავს. მეორე ჟურნალისტმა ლორა ლინგმა, რომელიც სამხრეთ კორეიდანაა წარმოშობით გამოვიდა თუ არა თვითმფრინავიდან ტრაპზე კორეული ტრადიციისამებრ დამხვედრთ თავის დაქნევით მიესალმა. ამერიკელი ჟურნალისტების შემდეგ თვითმფრინავიდან ბილ კლინტონი გამოვიდა, რომელსაც ოვაციით შეხვდა შეკრებილი საზოგადოება. პირველი მასთან მიიჭრა ლორა ლინგის მეუღლე, გადაეხვია მას და გულითადად გადაუხადა მადლობა. ჟურნალისტების გათავისუფლების მიზნით ბილ კლინტონს ფხენიანში პირადად ჩაფრენა მოუხდა და საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებები გამართა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჯონგ ილთან. მოლაპარაკებების შედეგად ამერიკელი ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

_ „30-ი საათის წინ იუნა ლი და მე ჩრდილოეთ კორეაში ვიყავით დაკავებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში იმის შიში არ გვტოვებდა, რომ ნებისმიერ წუთს მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების ბანაკში გვიკრავდნენ თავს. წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როდესაც გვითხრეს, რომ ბანაკის მაგივრად რაღაც შეხვედრაზე უნდა მივეყვანეთ. ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო და ჩევენ თვით ბილ კლინტონი დავინახეთ „ - თქვა ამერიკის ხმასთან საუბარში ლორა ლინგმა.

შეგახსენებთ რომ ამერიკელ ჟურნალისტებს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე კანონის დარღვევით შესვლის ბრალდებით მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში თავისუფლების 12-ი წლით აღკვეთა მიუსაჯეს. პირადად ჟურნალისტებმა, მათი ოჯახის წევრებმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მომხდარისთვის გასულ თვეს ბოდიში მოუხადეს ჩრდილოეთ კორეის მთავრობას, რამაც როგორც სჩანს დადებითი წვლილი შეიტანა მათი შეწყალებისა და გათავისუფლების საქმეში. ამერიკელი ჟურნალისტები ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის საზღვრის რაიონში დააკავეს, როდესაც ისინი რეპორტაჟს გადასცემდნენ ტელესადგურ „ქარენთ თივისთვის“, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალ გორია. ალ გორის განცხადებით:

-„რაც მოხდა დადებითად ახასიათებს ჩვენს სამშობლოს. გავიგეთ თუ არა, რომ ორ ამერიკელ მოქალაქეს საშიშროება შეექმნა უამრავმა ამერიკელმა ყველაფერი გვერდზე გადასდო და მუხლჩაუხრელად იღვაწა, რათა ეს ამბავი სასიკეთოდ დასრულებულიყო.“

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი აწმყო ადმინისტრაციის თანხმობით აშშ-ის არაოფიციალური წარმომადგენლის სახით ჩავიდა ფხენიანს. ამერიკელ ჟურნალისტთა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განცხადება გააკეთა:

-„ ამერიკელ ჟურნალისტთა და მათი ოჯახის წევრების კვლავ ერთად ყოფნა, რაც ჩვენ ტელევიზიით ვიხილეთ, სიხარულს გვრის არა მარტო ამ ჟურნალისტების ოჯახის წევრებს, არამედ მთელს ამერიკას. „