მომიტინგეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან   თანამბრძოლების დაკავებას აპროტესტებდნენ

გუშინ, საღამოს 8 საათზე თბილისი პოლიციისკენ მთავარი სამმართველოსკენ მანიფესტანტების ერთი დიდი ჯგუფი მივიდა, რომელიც 3 დაკავებული აქტივისტის უპირობო გათავისუფლებას ითხოვდა. მომიტინგებიი საკმაოდ აგრესიული მოქმედებებით აპროტესტებდნენ თანამბრძოლების დაკავებას. ამასთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენებს ”პროპორციულ ძალას”. ”ზუსტად იმდენ ძალას რამდენიც საჭირო იქნება კონკრეტული თავდასხმის აღსაკვეთად, ეს იქნება მინიმალური ძალა იმიტომ, რომ ბუნებრივია, აბსოლუტურად ყველას, ყოველ შემთხვევაში ჩვენ, გააზრებული გვაქვს რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აქციის მონაწილეებსაც აქვთ ეს ძალიან კარგად გააზრებული,”- განაცხადა ზღულაძემ. ძალა იქნა გამოყენებული, რომლის ადექვატურობის გამოძიებას საპარლამენტი ოპოზიციის დიდი ნაწილი ითხოვს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია მოვლენების პოლიტიკურ ჭრილში გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს და როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას უპირობო დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

როგორც დავითაიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ფონია შექმნილი და დაძაბულობამ პიკს მიაღწია. მისივე თქმით, აუცილებელია სიტუაციის განმუხტვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, პროცესები კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდეს.

დავითაია ხელისუფლებასა და ოპოზიციას უპირობო დიალოგის დაწყებას სთხოვს. გარდა ამისა, მოითხოვს, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება გია გაჩეჩილაძის და სხვა პოლიტიკური ლიდერების სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე. იგივეს აცხადებენ ქრისიტიან დემოკრატებიც. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე, ჟურნალისტ ნიკა ავალიანის ცემის ფაქტზე დაკავებული მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი თავისუფლები არიან.

პატრიარქის მიმართვა გუშინ საპატრიარქომ გაავრცელა და ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სთხოვა. საპატრიარქოში მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის განცხადება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ წაიკითხა.

---

”ეს იქნება ამ ეტაპზე გონივრული ნაბიჯი სერიოზული პრობლემების ნაწილობრივ მაინც თავიდან ასაცილებლად”, - ნათქვამია განცხადებაში. საპატრიარქო ასევე მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას ყველაფერი გააკეთონ, რათა მოვლენები კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს.

დღეს, აგრეთვე თბილისში აკრედიტირებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურმა მისიებმა, ევროკომისიის დელეგაციამ და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ მოუწოდეს ოპოზიციას და ხელისუფლებას ”დაიწყონ სერიოზული და კონსტრუქციული მოლაპარაკება, რათა დაძლეული იყოს დღევანდელი ჩიხური სიტუაცია, ასევე, განახორციელონ ის პოლიტიკური რეფორმები, რომლებიც ქართული დემოკრატიის განმტკიცებისთვისაა აუცილებელი”. განცხადების თანახმად, ევროკავშირი კვლავ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ”ჩვენ მტკიცედ ვგმობთ დამცირების, დაშინების და ძალადობის ყველანაირ აქტს. მაგალითად, ის, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ვიხილეთ, როდესაც ჟურნალისტებზე ხორციელდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლა, გვაშფოთებს და უბრალოდ მიუღებლად მიგვაჩნია,” - ნათქვამია განცხადებაში. ”ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში მშვიდობიანი თავშეყრის უფლება მოქალაქის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს წესრიგის დაცვას, რომ მანიფესტაციები მინიმალურ პრობლემებს უქმნიდეს ინსტიტუტების ფუნქციონირებას და მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვას ქვეყანაში არსებული კანონები და საზოგადოების მშვიდობიანი შეკრების წესები,” - ნათქვამია განცხადებაში.