ჩინეთის მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა და ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ხელისუფლება აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს და იმედოვნებს, რომ მიწისძვრისგან ჩამონგრეულ ქვანახშირის მაღაროებში შესაძლოა ჯერ კიდევ იყვნენ ცოცხლად გადარჩენილი ადამიანები. მაშველები უკვე მე-12 დღეა ამაოდ ცდილობენ 24 მაღაროელის გადარჩენას, რომლებიც მიწისქვეშ არიან გამომწყვდეულნი. ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით წარსულში იყო შემთხვევა, როდესაც ჩამონგრეულ მაღაროში მომწყვდეული ადამიანის გადარჩენა 21 დღის შემდეგ მოხერხდა. დღეს სტიქიური უბედურების რაიონში გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ჩავიდა. ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ვენ ჟიბაოს თქმით მიქისძვრის მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა 80 ათასამდე გაიზარდოს.