სამოქალაქო კონფორმიზმი, არის ყველაზე დიდი სენი, რომლისგანაც ქართული საზოგადოება ვერ გათავისუფლდა

კვირას ჩატარებული ინაუგურაციის შემდეგ, შესაძლებელია მივიჩნიოთ რომ დასრულდა ერთი ეტაპი, უფრო კონკრეტულად კი წინასაარჩევნო ეტაპი, როდესაც თითოეულ კანდიდატს ავტორიტეტული, გავლენიანი მომხრეები ესაჭიროებოდა და მომხრეებიც არ აყოვნებდნენ საჯარო მხარდაჭერის დეკლარირებას. ასეთ დროს, განსაკუთრებულად მწვავე ხდება მიმდინარე ტენდენციების ანალიზისა და შეფასების სურვილი.

კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული, გაკვირვებას იწვევს ტენდენცია, როდესაც ე.წ. ინტელექტუალები და ხელოვანები ხმამაღლა, თავდაუზოგავად მხარს უჭერენ არსებულ ხელისუფლებას და გადამწყვეტ როლს ასრულებენ მათი რეკლამირების პროცესში. აქ, არ ჩნდება საკითხი, თუ რატომ იმსახურებს ესა თუ ის პოლიტიკოსი თუ გნებავთ პრეზიდენტობის კანდიდატი მათ სიმპატიას. კითხვის ნიშნებს იწვევს ის, თუ საიდან ჩნდება პასუხისმგებლობის ამგვარი შეგრძნება, რომელიც ხელოვანებს აიძულებთ ხალხს, მოსახლეობას მოუწოდონ ამა თუ იმ ქმედებისაკენ. კომუნისტური რეჟიმის მწარე გამოცდილებამ, ქართულ საზოგადოებას მაინც არ მოუშალა თვისება, ხმამაღლა, დაუფარავად ჩაერთონ სამთავრობო აგიტაცია პროპაგანდაში, მხარი დაუჭირონ მთავრობას, ძლიერს. ამ საკითხზე, პოეტი რატი ამაღლობელი საუბრობს, რამდენიმე ხნის წინ, გოეთეს ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე.

რატი ამაღლობელი – მაშინ ეს ასოცირებული იყო კარიერიზმთან, ისეთი ადამიანები იყვნენ ანგაჟირებულნი, რომელთაც სერიოზული კავშირი ქონდათ საბჭოთა სისტემასთან და ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა ითვლებოდა კომკავშირელობასთან. ამის მერე არსებობს სტერეოტიპი, რომ ნამდვილი ინტელექტუალი უნდა იჯდეს სამზარეულოში და ძალიან პატარა ჯგუფს ესაუბრებოდეს. ჩვენ რეალურად ვართ ამ პრობლემის წინაშე. მე მაქვს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა: რატომ ვართ ამ მდგომარეობაში, რატომ არის ამდენი ადამიანი, რომელთათვის დემოკრატიული პროცესები იყო ერთჯერადი. ნუთუ მათთვის ეს პროცესი დასრულდა კონკრეტული თანამდებობებით, გრანტებით, ურთიერთობებით პირველ პირთან? ნუთუ სახელმწიფოს პრობლემები ნაკლებად მნიშვნელოვანია? რეალურად მე მიჩნდება განცდა, რომ მარავალმა ინტელექტუალმა არჩია ყოფილიყო პოლიტიკური კონიუქტურის ქვეშ და არ გამოსულიყო თავის შეფასებებში ამ კონიუქტურიდან. სამწუხაროდ ჩემთვის მრავალმა პატივსაცემმა ადამიანმა, მაშინ როდესაც საჭირო იყო, არ დააფიქსირა მისი პოზიცია. საზოგადოებრივი, სამოქალაქო კონფორმიზმი, არის ყველაზე დიდი სენი, რომლისგანაც ქართული საზოგადოება ვერ გათავისუფლდა.

- კონფორმიზმი, რომლისგანაც ქართული საზოგადოება კომუნისტური რეჟიმის შემდეგ, ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა. სამოქალაქო საზოგადოების კონფორმიზმი კი გაცილებით უფრო საშიში ტენდენციაა, ვიდრე ცუდი პოლიტიკოსი ან კი წარუმატებელი მაღალჩინოსანი.