6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაბრუნებულმა ოპოზიციამ სამთავრობო საათის აღდგენა მოითხოვა. პირველი ამ სიაში პარლამენტარებმა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაასახელეს, რომელიც დღეს 2 საათის განმავლობაში ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების კითხვებს პასუხობდა. უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს უმთავრესად აინტერესებდათ თუ როგორ აპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება ეკონომიკური ბლოკადის დაძლევას, ექნება თუ არა საქართველოს ზამთარში დენი და გაზი, შარშანდელი კრიზისის საშიშროება ხომ არ დგას, როცა ქვეყანა ენერგორესურსების გარეშე თითქმის ორი კვირა იმყოფებოდა, რა პრობლემები შეიძლება წარმოქმნას ეკონომიკურმა ბლოკადამ და სხვ.
სხდომამდე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მთავრობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დასარეგულირებლად აქტიურად მუშაობს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან გამოსულმა მრეწველთა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ ხმამაღლა განაცხადა, რომ შეხვედრა უშედეგო იყო. კომენტარისთვის ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთ ლიდერს, ფიქრია ჩიხრაძეს მივმართე:
,,_ პრემიერ-მინისტრი რატომღაც თვლის, რომ პარლამენტსაც კი არ უნდა გაუზიაროს შთაბეჭდილებები და რომ ყველაფერი არის კონფიდენციალური. ‘’
საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები ისევ იმ სტადიაში რჩება ,რაც უფრო და უფრო თავად რუსეთსაც აწუხებს. პოპულარული რუსი მსახიობის სტანისლავ სადალსკის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეობა კიდევ ერთმა რუსმა მსახიობმა ოლგა ბუდინამ მოითხოვა, რომლის ბოლო ნამუშევარი კინოში არის სტალინის მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას განსახიერება, მას პარტნიორობას უწევდა, სტალინის როლი დუტა სხირტლაძემ შეასრულა, რომელიც ,სხვათა შორის, ფილმის პრემიერაზე გასულ კვირას მოსკოვში ვერ გაემგზავრა. სტანისლავ სადალსკი მაყურებელმა ცნობილი ფილმის შემდეგ“ შეხვედრის ადგილი უცნობია „ დაიმახსოვრა, სადაც იგი ვლადიმერ ვისოცკისთაან ერთად თამაშობდა. ვლადიმერ ვისოცკის და მარინა ვლადის ქორწილი ზურაბ წერეთელმა გადაუხადა თბილისში, 70-იან წლებში.
რუსეთის ფედერაცია, ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ დისკრიმინაციულ ქმედებებს აგრძელებს. საპარლამენტო ოპოზოციამ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტს, მიიღოს დადგენილება დსთ-დან გამოსვლის შესახებ. შეგვიძლია მოვისმინოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა რურუას კომენტარი.
,,_ დსთ-დან გამოსვლის იდეა არ ეკუთვნის ოპოზიციას, იგი ეკუთვნის უმრავლესობას და ამას ჩვენ ვაპირებთ, მაგრამ გავაკეთებთ, როცა იქნება საქართველოსთვის ოპტიმალური მომენტი. ამ ეტაპზე დსთ-დან გამოსვლა ჩემი აზრით მოუმზადებლად და იმპულსურად არ ღირს. ვთვლი, რომ დსთ დრომოჭმული ორგანიზაციაა და საქართველოს ადგილი მასში არ არის’’.