აფხაზეთიდან დევნილები ბათუმში სასტუმრო "მესხეთთან" ქუჩაში დასახლდნენ

ცნობილია, რომ საქართველოში აქტიურად პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს. იყიდება, მათ შორის, სასტუმროები და პანსიონატები, რომლებიც ბოლო წლებში ძირითადად დევნილთა თავშესაფარად იქცნენ. დევნილებს ინვესტორები ოჯახზე 7-7 ათას დოლარს სთავაზობენ, ინფლაციის გათვალისწინებით ამ თანხაზე უარი განაცხადეს ბათუმში, სასტუმრო „ მესხეთში“ მცხოვრებმა დევნილებმა, მათ თანხის გაზრდა მოითხოვეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

ომონის მეშვეობით აჭარის ხელისუფლებამ მათ სასტუმრო დაატოვებინა. ამის შემდეგ დევნილები პროტესტის ნიშნად აფხაზეთისკენ დაიძრნენ, მათ საქართველოს პრემიერმა, ზურაბ ნოღაიდელმა - გზა დაულოცა, აფხაზეთის დე-ფაქტო პირველმა პირმა, ბაღაფშმა კი აფხაზეთის საზღვრის გადალახვა აუკრძალა...

ზუგდიდში ჩასული დევნილები - ისევ ბათუმში დაბრუნდნენ, ამბობენ, რომ ენგურზე გადასვლას და აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას აღარ აპირებენ. სანამ მათი საკითხი გადაწყდება - ისინი ბათუმში, სასტუმრო ,,მესხეთთან’’ ქუჩაში დასახლდნენ... ამ პრობლემასთან დაკავშირებით აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, თემურ მჟავიას გავესაუბრე. თ. მჟავია:

,,- ჩვენთვის და პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის მეთოდი, რომელსაც დღეს პრაქტიკაში იყენებს ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება. - დევნილი, რა თქმა უნდა, ვერ შეიძენს ბინას იმ ფასში, რასაც მათ სთავაზობენ. ვერ შეიძენენ ცენტრებში - სიცოცხლის ცენტრები გახდა დღეს სამწუხაროდ ბათუმი, თბილისი და მეტ-ნაკლებად ქუთაისი. სწორედ ამ ცენტრებისკენ მიისწრაფვის დღეს ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ეს საძრახელი ჩვენი დევნილებისათვის არ უნდა გახდეს...’’