ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების ზონა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ამბობს, რომ უკრაინის ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონის შესაქმნელი შეთანხმების მიღწევის საქმეში წინსვლა მოხდა. თებერვლის ბოლოდან, რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის ბრძოლების დროს, ატომური ელექტროსადგური საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არაერთხელ მოექცა.

2 დეკემბერს გამოქვეყნებულ იტალიურ „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში გროსიმ იმედი გამოთქვა, რომ მზად არის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა, „წლის ბოლოსთვის“ იპოვოს.

ასევე ნახეთ: ბირთვული კატასტროფის რისკი ზაპორიჟიის სადგურზე

„ზაპორიჟიის უსაფრთხოების საკითხზე არსებობს კონკრეტული წინადადება და მნიშვნელოვანი წინსვლა მოხდა,“ უთხრა გაეროს სააგენტოს უფროსმა გაზეთს.

„ჩემი მოვალეობაა [პრობლემის] გადაჭრას რაც შეიძლება მალე მივაღწიო... ჩვენი მიზანი ბირთვული ავარიის თავიდან აცილებაა და არა ერთი ან მეორე მხარისთვის უპირატესი სამხედრო ვითარების გამოწვევა,“ დაამატა გროსიმ.

ზაპორიჟიის ელექტროსადგურის საბჭოთა დიზაინის რეაქტორები გამორთულია, მაგრამ არსებობს ბირთვული სათბობის გადახურების რისკი, თუ სადგურის გაგრილების სისტემებისთვის ენერგიის მიწოდება შეწყდება.

გროსიმ თქვა, რომ ამჟამად ორი მხარე ელექტროსადგურის უსაფრთხოების “ზოგიერთ ფუნდამენტურ პრინციპზე თანხმდება“.