კრემლმა პირველად თქვა, რომ ვორონცოვა და ტიხონოვა პუტინის შვილები არიან

კრემლმა ოფიციალურად პირველად აღიარა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შვილებად ეკატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, რომელთა მიმართაც აშშ-მა სანქციები დააწესა.

პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან ლაპარაკისას აღნიშნა, რომ კრემლი აუცილებლად უპასუხებს პუტინის ქალიშვილების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს და "ამას გააკეთებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის".

ასევე ნახეთ: დეფოლტის რისკი იზრდება: ამერიკამ რუსეთს $600 მილიონის ობლიგაციის გადახდა შეუჩერა

რუსეთის პრეზიდენტი ამ დრომდე არც ადასტურებდა და არც უარყოფდა ცნობებს, რომ ენდოკრინოლოგი მარია ვორონცოვა და სამეცნიერო სფეროს მენეჯერი ეკატერინა ტიხონოვა მისი შვილები არიან.

აშშ-მა 6 აპრილს გამოაცხადა მოსკოვის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო შემოღებული შემზღუდავი ზომების ახალი პაკეტი, რომელიც ეხება რუსულ ბანკებს - სბერბანკს და ალფა-ბანკს - ისევე, როგორც მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახების წევრებს, პუტინის ქალიშვილების ჩათვლით.

თუმცა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქციათა სიაში თავიდან არ ყოფილა ეკატერინა ტიხონოვას და მარია ვორონცოვას სახელები. ოთხშაბათს საღამოს გამოქვეყნდა სიის დამატება, რომელიც შეიცავდა ორ პირს - 1985 წლის 28 აპრილს სანქტ-პეტერბურგში დაბადებულ ვორონცოვას (რომელიც ასევე იყენებს გვარებს ფაასენი და პუტინა) და 1986 წლის 31 აგვისტოს დრეზდენში დაბადებულ ტიხონოვას (რომელიც ასევე იყენებს გვარებს შამალოვა და პუტინა).

გამოცემა Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ პუტინის შვილებისთვის დაწესებული სანქციები არის "სიმბოლური ჟესტი", რადგან არ მოიპოვება ცნობები რუსეთის საზღვრებს გარეთ ტიხონოვას და ვორონცოვას აქტივების შესახებ.