ტრამპმა ისრაელში შეერთებული შტატების ელჩად, საკამათო ფიგურა დაასახელა

დევიდ ფრიდმანი, ივანკა ტრამპი და დონალდ ტრამპი

არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისრაელში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად, გაკოტრების საქმეების ადვოკატი დევიდ ფრიდმანი დაასახელა, რომელსაც მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებები აქვს.

ფრიდმანი რეგიონში ამერიკის საკვანძო დოქტრინის, ორი სახელმწიფოს, ისრაელის და პალესტინის გვერდი-გვერდ მშვიდობიანი თანაცხოვრების წინააღმდეგია.

ამასთან ერთად, მან ამერიკაში მცხოვრები, ლიბერალურად განწყობილი ებრაელები იმ ებრაელებს შეადარა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს ეხმარებოდნენ.

მისი კანდიდატურის დასახელების გამო გაკეთებულ განცხადებაში ფრიდმანმა თქვა, რომ გეგმავს თავისი სამუშაო „ისრაელის მარადიულ დედაქალაქ იერუსალიმში განლაგებული ამერიკის საელჩოდან შეასრულოს“.

ამერიკის საელჩო თელ-ავივშია. იერუსალიმზე, როგორც საკუთარ დედაქალაქზე, პრეტენზიას ისრაელიც აცხადებს და პალესტინელებიც, მისი სტატუსი კი დიდი ხანია სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილია.