ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვისი სული სურთ“ კონფლიქტის ზონაში


რამდენად იცვლება განწყობები ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სასარგებლოდ, ამის გარკვევას ამერიკის ხმა შეეცადა და რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა.

2008 წლის ომი, გადამწვარი სოფლები, დანგრეული და ცეცხლმოკიდებული სახლები კონფლიქტის ზონაში ადგილობრივებს კარგად ახსოვთ. აგრარული მეურნეობით მცხოვრები საქართველოს ეს მხარე, რომ უკვე რამდენიმე წელია საკუთარ ხეხილის ბაღებს, რაც ადრე მათ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა, ახლასაშეშე მასალად იყენებს, ამასაც ყველა საკუთარ ტყავზე გრძნობს. მათი გაღარიბების მიზეზი ომია, რომლის გამოც ორ მაგისტრალურ სარწყავ არხზე ხელმისაწვდომობა დაიკარგა, უწყლოდ დარჩენილი ხეები კი გახმა. ამასობაში ტყეზე წვდომაც შეიზღუდა, რადგან მათი უმეტესობა მავთულხლართებს, ან პირობით საზღვრის მიღმა აღმოჩნდა. მოსახლეობამ ზამთარში გასათბობად გამოსავალი იმაში ნახა, რომ საკუთარი ხეხილის ბაღები გადაბელა და ეს სახელმწიფოსგან მიღებულ 200 ლარიან შეშის ვაუჩერს მიუმატა. ამ ვითარების ფონზე კი სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ცნობები იმის თაობაზე, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეები შიდა ქართლის სოფლებში პრორუსული ორიენტაციის გასაღვივებლად სამუშაოებს აწარმოებენ.

ჩვენი პირველი რესპონდენტი ნინო მინდიაშვილია. ის ცხინვალის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ცხოვრობს და საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს ჩამოყალიბებული სახელწოდებით „იმედის სხივი“, პერიოდულად ადგილობრივ და ახლო–მახლო სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შეხვედრებსა და კინოჩვენებებს აწყობს, რის შემდეგაც დისკუსიები ეწყობა. ამერიკის ხმასთან საუბრისას იგი ამბობს: „ერთ–ერთ ჩვენს შეკრებაზე ნიქოზში ვაჩვენეთ ფილმი „მანდარინები“, მოწვეული გვყავდა ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, ჯარისკაცის მშობლები, იყვნენ ახალგაზრდებიც. ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა მოუწოდეს ახალგაზრდებს, უთხრეს: ომს ომით არ უნდა უპასუხოთ, მშვიდობა აუცილებელია, საჭიროა და (ოსების მიმართ – ნ.დ.) არ უნდა ვიყოთ ისეთი განწყობით, თითქოს ისინი ჩვენი მტრები არიან. ეს ყველაფერი და ისიც, რომ ჩვენ ახლა არ ვართ ერთმანეთთან, გარე ფაქტორების, მესამე ძალის ბრალია. ფილმი ძალიან კარგია. მართალია, ცუდად მთავრდება, ქართველი იღუპება, მაგრამ ის აფხაზი ხომ ხვდება, სინამდვილეში ვინ ვინაა. ეს მომენტი მაგალითად მოუყვანეს, ისინიც (ეთნიკური ოსები – ნ.დ.) ასე იქნებიან ბოლოს და მიხვდებიან, რომ ჩვენ მათი მტრები კი არ ვართ, მოძმეები ვართ, მაგრამ თუ ჩვენ ისეთ მესიჯებს გავაგზავნით, თითქოს ოსები ჩვენი მტრები არიან, ანუ როგორც ოსებს ზრდიან, როგორც მე ვიცი, მტრის ხატზე, ბავშვებს ეუბნებიან, რომ ჩვენ მათი მტრები ვართ, ჩვენ არ გვინდა ასე მოქცევა და ასე არ ვიქცევით.“

დვანიც კონფლიქტის ზონის სოფელია ქარელის მიმართულებით. ერთი წლის წინ, როდესაც აქ რუსი მესაზღვრეები ლითონის ღობის გავლებას აპირებდნენ, სამ ადგილობრივ ოჯახს საკუთარი სახლების დატოვება და სხვაგან საცხოვრებლად წასვლა ურჩიეს. ორი მათგანის სახლი ისედაც დამწვარი იყო ომის დროს, თუმცა მას და სახლის მიმდებარედ არსებულ დამხმარე ნაგებობებს მაინც იყენებდნენ. ამ ულტიმატუმის შემდგომ სამივე ოჯახს საკუთარი ხელით სახლის აგურ–აგურ დაშლა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოტანა მოუწია. ზაალ ახალკაცი, დვანის მკვიდრი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „განწყობების შესახებ მსჯელობა, დასავლეთი უკეთესია თუ რუსეთი, ძალიან აქტიურიც არაა ჩვენს სოფელში, მაგრამ ბირჟაზე რომ შეიკრიბებიან და ლაპარაკობენ, უფრო დასავლეთის მხარეს არიან, ვიდრე რუსეთის მხარეს. პატარა ამბავი არ ჩაიდინა აქ რუსეთმა და ამიტომ, რა საჭიროა ამაზე კითხვის დასმა? სიმართლე რომ გითხრათ, როგორ არის იცით, უფრო იქითკენ უნდათ, დასავლეთისკენ ხალხს, იმიტომ რომ რუსეთისკენ აბა ვინ წავა, მითხარით? ვარიანტი არ არსებობს, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი აზრი მაქვს“.

ორიოდე დღის წინ პრაღაში აბაშიძე–კარასინის შეხვედრისას რუსული მხარის მხრიდან გაისმა მითითება იმის თაობაზე, რომ საქართველომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უნდა შეცვალოს, რაზეც ზურაბ აბაშიძე, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოში დაბრუნების შემდგომ განაცხადა, რომ „თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, არაფერი დაგვემუქრება“.

XS
SM
MD
LG