ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელინსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელზე „ფეისბუქი“ წერს და ბრძანებას აზიარებს, რომელიც 28 მაისით თარიღდება.

"მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის გადაწვეტილებას.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ ზელენსკიმ გააბათილა მისი წინამორბედის პეტრო პოროშენკოს 2017 წლის ივლისის ბრძანების ნაწილი, რომლითაც სააკაშვილს მისი მოქალაქეობა ჩამოერთვა. ზელენსკი წინასაარჩევნო პერიოდში აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებდა.

ბრძანება ზელენსკიმ ინაუგურაციიდან 8 დღეში და სააკაშვილის ადვოკატის მოთხოვნიდან ექვს დღეში გამოსცა. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის კიევში 29 მაისს ჩავა.

"[ზელენსკიმ] დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. მე ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი...კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ფიქრი არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, საინტერესო პიროვნებას, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და დავეხმარები უკრაინელ ხალხს", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, მას შემდეგ რაც ის პოროშენკომ ოდესის გუბერნატორის პოსტზე წარადგინა. პოროშენკო და სააკაშვილი ერთმანეთს სტუდენტობის პერიოდიდან იცნობდნენ. მათ შორის ურთიერთობა 2016 წელს დაიძაბა და პოროშენკომ სააკაშვილი 2016 ნოემბერში თანამდებობიდან გადააყენა. გასული წლის თებერვალში, სააკაშვილი კიევში დააკავეს, აეროპორტში გადაიყვანეს და პოლონეთის მიმართულებით გაამგზავრეს.

ექსპრეზიდენტს მოქალაქეობა საქართველომაც ჩამოართვა, მას შემდეგ რაც მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG