ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზაზა გახელაძის ოჯახი ტრაგედიას გადაურჩა


ზაზა გახელაძის მშობლები ერგნეთის მოლაპარაკებების დროს

დღეს, 21 ივნისს ზაზა გახელაძის ოჯახი ტრაგედიას გადაურჩა. ირმა ბუთხუზმა იმ დროს მიასწრო დედამთილს, როდესაც ის ბენზინის გადასხმასა და თავის დაწვას აპირებდა. „ყველაფერი მომზადებული ჰქონდა, ბენზინიც და ასანთიც“,- გვეუბნება ირმა და დასძენს, რომ არ იცის, რა ქნა იმ წუთებში, რა სიტყვები გამოიყენა, რა უთხრა და როგორ გადაარწმუნა ნანა ბუნტური, სუიციდი არ ჩაედინა.

ზაზა გახელაძისთვის ცხინვალის ციხეში ყოფნის 1 წელი 11 ივლისს შესრულდება. გასულ წელს ის თავისავე სოფლის სიახლოვეს, მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლა დამიზნებით განხორციელდა. ზაზა ფეხში დაიჭრა. უკვე დაჭრილი კი ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარს გადაატარეს და ცხინვალის ციხეში მოათავსეს.

ერგნეთის შეხვედრის მონაწილეები
ერგნეთის შეხვედრის მონაწილეები

მოგვიანებით, როდესაც მისი სასამართლო პროცესი გაიმართა ცხინვალში, ზაზა გახელაძე დამნაშავედ გამოაცხადეს. თქვეს, რომ მან ცეცხლი გაუხსნა რუს მესაზღვრეებს და პატიმრობა 12 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს.

ზაზა გახელაძის მეუღლესა და შვილებს ერთხელ მიეცათ მისი მონახულების შესაძლებლობა ცხინვალის ციხეში, 31 მარტს. შეხვედრის დროს პირადად ზაზამ უარყო მის მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ ბრალდება. მეუღლეს გაანდო, რომ მისი განთავისუფლების სანაცვლოდ ოსური მხარე რამდენიმე ალტერნატივის შესახებ აჟღერებდა ინფორმაციას. ერთი მათგანი ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის აღებას ეხება, მეორე - მეათე საუკუნის ოქონის ხატის გადაცემას (რომელიც ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა 90-იან წლებში და შემდგომ კრისტის აუქციონზე გასაყიდ ნივთებს შორის აღმოჩნდა) და მესამე - ეთნიკურად ოსი პატიმრის/პატიმრების განთავისუფლებას ქართული ციხიდან.

ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს გახსნა დღემდე მოუნელებელი ტრავმაა რუსი მესაზღვრეებისთვის. ისინი ყოველ შეხვედრაზე ქართული მხარისგან მის აღებას მოითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ საგუშაგო საქართველოს მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზეა განთავსებული. ამ ფაქტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც აღიარებს. ჩორჩანას საგუშაგოს მძევლად რუსეთის ფედერაციამ არა მხოლოდ ზაზა გახელაძე, არამედ ახალგორის მთელი მოსახლეობა აქცია. საგუშაგოს გახსნის შემდეგ, მათ ახალგორის გასასვლელი ჩაკეტეს. ეს 2019 წლის აგვისტოს მიწურულს მოხდა. ახალგორთან მიმოსვლა სწორედ ამ დროიდანაა შეწყვეტილი.

ოქონის ხატის გადაცემის შესაძლებლობას, ისევე როგორც საგუშაგოს აღებას ჩორჩანასთან, ქართული მხარე არ განიხილავს, როგორც რაიმე ინსტრუმენტს ცხინვალში ტყვედ-მყოფი მოქალაქეების გამოსახსნელად.

ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი ერგნეთის შეხვედრის დროს
ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი ერგნეთის შეხვედრის დროს

რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, რომელიც ეთნიკურად ოსი პატიმრის/პატიმრების გადაცემას ეხება, ამის თაობაზე ირაკლი ანთაძემ, შსს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა ერგნეთის შეხვედრის შემდგომ, 15 ივნისს კიდევ ერთხელ განაცხადა: „ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას არავითარი ეთნიკურად ოსი ეროვნების პატიმრების შესახებ, რომელთა გადაცემას თითქოსდა ოსური მხარე ითხოვს. ამგვარი საკითხი მოლაპარაკებების დროს არ წამოჭრილა“.

ეთნიკურად ოსი პატიმრების ვინაობა, ვინც სავარაუდოდ, ზაზა გახელაძის განთავისუფლების სანაცვლოდ უნდა დატოვოს ქართული ციხე, არც ზაზა გახელაძეს დაუსახელებია მეუღლესთან შეხვედრის დროს. როგორც ირმა ბუთხუზი ამბობს, ზაზამ განაცხადა, რომ არანაირი მოთხოვნის შესრულება არაა საჭირო მის გასათავისუფლებლად.

ზაზა გახელაძის ოჯახი 11 თვის მანძილზე მოთმინებით ელოდა ხელისუფლების ნაბიჯებს და იმედოვნებდა, რომ მოხერხდებოდა ზაზას განთავისუფლება. ოჯახს სხვადასხვა დროს ხელისუფლების უმაღლესი პირები შეხვდნენ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ მინისტრიც. ამ უკანასკნელმა, კონკრეტული დროც კი დაუსახელა ოჯახს, როდესაც ზაზას განთავისუფლება იქნებოდა შესაძლებელი. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზაზა მაისის ბოლოს უკვე სახლში იქნებოდა.

ირაკლი ანთაძემ, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამის თაობაზე განაცხადა, რომ კონკრეტულ დროში, კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით, ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ მოქალაქეს უკანონო ტყვეობას აღკვეთდა, თუმცა გარემოებები შეიცვალა და ეს შესაძლებლობა ამოიწურა.

მოლაპარაკებების მაგიდა. ერგნეთის შეხვედრა
მოლაპარაკებების მაგიდა. ერგნეთის შეხვედრა

ზაზა გახელაძის მეუღლე და მშობლები 15 ივნისს ერგნეთში, ინციდენტების პერვენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს მივიდნენ. შეხვედრა საიუბილეო გახლდათ, რიგით მეასე, რის გამოც, მას საპატიო სტუმარი, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი ესწრებოდა.

მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ზაზა გახელაძის თაობაზე მისია მუშაობს. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ საკუთარ გასაჭირს მაღალი რანგის სტუმარს პირადად გაუზიარებდა და დახმარებას სთხოვდა, თუმცა ჰელდა შმიდმა შეხვედრა ოჯახთან კომუნიკაციის გარეშე დატოვა.

„ყველას მივაწვდინე ხმა ხელისუფლებიდან, ვისაც შემეძლო, მაგრამ ყველა დაპირება ტყუილი აღმოჩდა,“- გვითხრა ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ. ოჯახი სრულ იმედგაცრუებას ვერ მალავდა.

„ისღა დაგვრჩენია, ჩვენც გადავიდეთ ცხინვალის მხარეს და ვთხოვოთ დაგვაპატიმრონ, ასე იქნებ მაინც მოხვდეთ ჩვენ შვილთან და ასე იქნებ მაინც აღმოვჩნდეთ ერთად“,- განაცხადა იმ დროს ნანა ბუნტურმა, ზაზა გახელაძის დედამ.

ზაზა გახელაძის ოჯახმა, ერთის მხრივ, განაცხადა, რომ 23 ივნისს, ზაზას დაბადების დღეს, ხალხმრავალ აქციებს დაიწყებს, მეორეს მხრივ კი დაამატა, რომ აპირებს ცხინვალის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლასა და „ჩაბარებას“.

ერგნეთი. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას
ერგნეთი. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას

"ამერიკის ხმას" ირმა ბუთხუზმა, ზაზა გახელაძის მეუღლემ 15 ივნისს ის მარშრუტი გაუმხილა, თუ როგორ აპირებენ ოჯახის წევრები ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას. „იმავე გზით წავალთ, როგორც ზაზა წაიყვანეს. ჩვენი სოფლის ზემოთ გადის ოკუპაციის ხაზი და იქიდან გადავალთ“,- გვითხრა მან. აპირებენ ბავშვები ნათესავებთან დატოვონ, თვითონ კი ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმს თავი დააჭერინონ. „ჩვენც ისევე უდანაშაულოები ვართ, როგორც ზაზა, თუ იჭერენ უდანაშაულოებს, ჩვენც დაგვიჭირონ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, სხვა გზა არ გვაქვს“,- გვითხრა ირმა ბუთხუზმა.

სწორედ მან მიუსწრო დედამთილს 21 ივნისს, დილის 7 საათზე სახლის უკან, როდესაც ნანა ბუნტური ბენზინით სავსე ავზით გავიდა. „ერთი ოთახი გვაქვს, სადაც სამუშაო იარაღს ვინახავთ და ყველაფერს, რაც მიწის დამუშავებისთვის გვჭირდება. ტრაქტორისთვის ბენზინიც იქ გვაქვს შენახული. დილის შვიდ საათზე რომ მომესმა ამ ოთახიდან ხმაური, გამიკვირდა, რადგან არ დაგვიგეგმავს არც არაფრის გათოხვნა და არც დაბარვა. შემდეგ დავინახე 5-ლიტრიანი ავზი როგორ გამოიტანა ჩემმა დედამთილმა და გავიდა სახლის უკან. ვერ მივხვდი, რას აკეთებდა და გავყევი. მისი ჩანაფიქრი იმ დროს გახდა ჩემთვის ნათელი, როცა სახლს გამოხედა. ისეთი გამოხედვა ჰქონდა, ძალიან უჩვეულო, თითქოს ემშვიდობებოდა. არ ვიცი, არ მახსოვს, ამის შემდეგ როგორც მოვიქეცი და როგორ გადავარწმუნე. მე მგონი, მე შევეცოდე და ამიტომ აღარ მიიყვანა ეს ჩანაფიქრი ბოლომდე,“- გვეუბნება ირმა ბუთხუზი.

ქართული ისტორიოგრაფია ინახავს ამბავს ცოტნე დადიანის გმირობის შესახებ. იმისთვის, რომ დაპატიმრებული თანამოაზრეები სიკვდილისგან ეხსნა, ის თავისი ფეხით მივიდა დამპრობლებთან, ტანზე თაფლი წაისვა და სახალხოდ განაცხადა, რომ თუ უდანაშაულო ადამიანების დასჯიდნენ, ისიც მათ შორის უნდა ყოფილიყო. მსგავსი აქტის გამეორებას ზაზა გახელაძის ოჯახი გეგმავს. მათ სურთ რუსი ოკუპანტები ზაზას უდანაშაულობაში დაარწმუნონ იმით, რომ თვითონაც მივიდნენ და დაპატიმრება მოითხოვონ, როგორც ზაზას მსგავსად უდანაშაულოებმა.

ცოტნე დადიანმა ქმედებამ მონღოლებიზე იმოქმედა. მათ დატყვევებულები გაათავისუფლეს. ეს მეცამეტე საუკუნის ამბავია. რამდენად იმოქმედებს ზაზა გახელაძის ოჯახის თავგანწირვა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებზე, ვინც აკონტროლებს დღეს ცხინვალს, 23 ივლისს გამოჩნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG