ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჟენევის ფორმატს გარედან“ - დავით ზალკალიანი


დავით ზალკალიანი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი 2019

დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ევროპელ პარტნიორებთან იმსჯელებს, გარდა არსებული ფორმატებისა, რა დამატებითი მექანიზმები შეიძლება გამოინახოს რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად. საქართველოს პირველი დიპლომატის თქმით, ამჟამად არსებული ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვან შედეგებს არ იძლევა.

„მოგეხსენებათ, ჟენევის ფორმატში ფაქტობრივად ვერ მივდივართ წინ და არ გვაქვს გარღვევა იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რაზეც არის დაშენებული და დაფუძნებული ეს ფორმატი, -ძალის არგამოყენება, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და ვმსჯელობთ, თუ როგორ შეიძლება ჟენევას გარედან დავეხმაროთ. ამაზე სხვადასხვა იდეები იყო განხილული და ვნახოთ, ამ დღეების განმავლობაში შეიძლება, ამ მიმართულებითაც გვქონდეს სიახლე." - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კითხვაზე, უშვებს თუ არა რაიმე ფორმატით, რუსეთთან პირდაპირ დიალოგს, დავით ზალკალიანი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ ჩვენი პარტნიორები. ყველა მიმდინარე შეხვედრაზე იქნება მსჯელობა ყველაფერზე და ბუნებრივია მათი კონსულტაცია და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ გაეროში ვიმყოფებით. ეს არის ის ადგილი, ფორმატი, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მიუხედავად იმისა, როგორი დაპირისპირებაა მათ შორის, იყენებს გაეროს ფორმატს იმისთვის, რომ რაღაც პროგრესი აჩვენოს.“ - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დავით ზალკალიანი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები გაეროსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნებთან.

ზალკალიანი უკვე შეხვდა ავსტრიის, საბერძნეთის, დანიის, ესტონეთის საგარეო მინისტრებს. მისი თქმით, შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება და მიმდინარე უკანონო ბორდერიზაცია იყო. მინისტრის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დამატებითი ზომები და მექანიზმებია ასამუშავებელი იმისთვის, რომ პროცესი შეჩერდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG