ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია: უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს


ორშაბათს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა, კიევში ვიზიტის დროს თქვა, რომ უკრაინას შეუძლია ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.

ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ბაერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია საჭიროების შემთხვევაში მოსკოვს მაღალ ეკონომიკურ საფასურს გადაახდევინებს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს გარკვეული გაუგებრობაც ახლდა თან. უცნობი იყო აპირებდა თუ არა მინისტრი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას.

ორი სხვადასხვა დიპლომატიური წყარო ამბობდა, რომ შეხვედრა გაუქმდა. თუმცა, ზელენსკის ოფისში განაცხადეს, რომ მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა დანიშნული, შესაბამისად ის არც გაუქმებულა. თავად ბაერბოკის გუნდის თავდაპირველი განცხადებით, შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა განრიგის სირთულიდან გამომდინარე, ის ვერ შედგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს უმნიშვნელო საკითხია და არაფერს ცვლის ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გერმანია საჯაროდ გააკრიტიკეს, როდესაც ქვეყანამ უარი თქვა გადაეცა, მის მიერ წარმოებული შეიარაღება უკრაინისთვის და ამის გაკეთება ნატოს სხვა მოკავშირეებსაც აუკრძალა. ოფიციალურ ბერლინს ასევე აკრიტიკებენ იმ მიზეზით, რომ "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ს, გაზსადენს, რომლითაც რუსული გაზი გერმანიას უნდა მიეწოდოს, არ აჩერებს. კრიტიკოსებით განცხადებით, გაზსადენი გაზრდის ბერლინის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და მისცემს საშუალებას კრემლს ის გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-მდე რუსი სამხედროა მობილიზებული. რუსეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსში სამხედრო წვრთნებშიც მონაწილეობენ. უკრაინაში და დასავლეთის ქვეყნებში შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრას. კრემლი ამას უარყოფს.

XS
SM
MD
LG