ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

70 წელი სტალინის გარდაცვალებიდან - განწყობები გორში და მოსკოვში


სტალინის გარდაცვალების შემდეგ დამზადებული ნიღაბი, გორში მდებარე სტალინის მუზეუმში.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ დამზადებული ნიღაბი, გორში მდებარე სტალინის მუზეუმში.

5 მარტს, საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან 70 წელი ხდება. ერებში, რომელსაც ის ტერორითა და რეპრესიებით მართავდა, მის მიმართ დამოკიდებულება კვლავ შერეული ხასიათისაა.

დიქტატორული მმართველობის სამი ათწლეულის განმავლობაში, საბჭოთა კავშირში, სტალინი ზედამხედველობდა სწრაფ ინდუსტიალიზაციას და მოკავშირეებთან ერთად, იბრძოდა ნაცისტების დასამარცხებლად, მაგრამ ის ასევე პასუხისმგებელია მილიონობით ადამიანის მკვლელობაზე, შიშმშილობაზე და გულაგებში იძულებით შრომით ექსპლუატაციაზე.

იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინასთან კვლავ ომშია ჩართული და კრემლი ამ ომს დასავლეთის პირისპირ, ეროვნული გადარჩენისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის ბრძოლად წარმოაჩენს, მოგონებები საბჭოტა დიქტატორის შესახებ ზედაპირზე ჩნდება.

„უპირველესად, მადლობა [მეორე მსოფლიო] ომში გამარჯვებისთვის“ - ამბობს მოსკოვის 21 წლის მკვიდრი, მადინა.

მოსკოვის ქუჩებში, სტალინის მემკვიდრეობის შესახებ, როგორც წესი, არაერთგვაროვანი შეხედულებებია.

„მეორე, ის ჩემთვის უარყოფითი პერსონაა, რადგან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ბევრი სიკვდილით დასჯა, დახვრეტა, გაძევება, ხელოვნება აკრძალული იყო და ა.შ. ასე რომ, შეუძლებელია ამა თუ იმ თვალსაზრისით, მკაფიო პოზიცია გქონდეს.“ - აგრძელებს 21 წლის მოსკოველი მადინა.

სტალინი 1953 წლის 5 მარტს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიუხედავად იისა, რომ რუსეთში სტალინის საჯარო მოხსენიება ძირითადად ტაბუდ რჩება და ქუჩები მის სახელს აღარ ატარებს, ბოლო წლებში, საბჭოთა დიქტატორის რეპუტაცია ერთგვარ აღორძინებას განიცდის.

მაგალითად, 2021 წელს, „ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 45% პროცენტი სტალინის მიმართ „პატივისცემას“ გამოხატავდა. 48%-მა მხარი დაუჭირა მისი ძეგლების აღმართვას.

„რატომ უნდა მქონდეს მის მიმართ ცუდი დამოკიდებულება?“ - ამბობს მოსკოვის მკვიდრი, 31 წლის ანდრეი, რომელიც სტალინს ძლიერ, გამაერთიანებელ პიროვნებად აღიქვამს და ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება, მის წარმატებად სათანადოდ უნდა შეფასდეს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც თავს რუსეთის მეფეების მემკვიდრედ მიიჩნევს, სტალინს გარკვეულ საზრღვრებში აფასებს - ხოტბას ასხამს მის ხელმძღვანელობას ომში და გმობს მის საშინაო პოლიტიკას, როგორც „ტოტალიტარულს“.

ამავე დროს, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პუტინი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში „ნეო-ნაცისტებს“ ებრძვის, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი სტალინის მანტიის მორგებას ცდილობს და თავის კამპანიას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაუმთავრებელი საქმეების მოგვარებად წარმოაჩენს.

დაბადებული საქართველოში

თებერვალში, პუტინი 1961 წლამდე სტალინგრადის სახელით ცნობილ ქალაქ ვოლგოგრადს ეწვია.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ნაციზმის იდეოლოგია, მისი თანამედროვე ფორმითა და გამოვლინებით, კვლავ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“ - თქვა პუტინმა.

ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ პუტინი იგივე „გენოციდურ“ სისასტიკეს ავლენს, როგორსაც სტალინი.

სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში, საბჭოთა ბელადის დადებით შეფასებას ჯერ კიდევ ბევრი იზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უკრაინას უჭერს.

„გორში უმრავლესობა სტალინს აფასებს, რა თქმა უნდა. როგორც ისტორიულ ფიგურას, დიდ ადამიანს და ადამიანს, რომელიც რკინის მუშტით მართავდა“ - ამბობს საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას, გორის 48 წლის მკვიდრი, იაკობ კიკრიაშვილი.

თიმცა, კიკრიაშვილი ასევე დასძენს - „მაგრამ, მის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. ახალგაზრდა თაობა მის მიმართ უფრო აგრესიულია“.

იოსებ ჯუღაშვილი 1878 წელს გორში, ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით სტალინად წოდებულმა, ბავშვობა სწორედ გორში გაატარა. დღეს გორის სტალინის მუზეუმი, რომელიც სტალინის გამზირზე მდებარეობს, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილია, რომელიც მნახველებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

2010 წელს, საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, ქალაქის ცენტრიდან სტალინის ქანდაკების დემონტაჟის ბრძანება გასცა და თქვა, რომ ის ამას არ იმსახურებდა.

გორის კიდევ ერთი მკვიდრი, ცოტნე გოგიაშვილი „როიტერს“ ეუბნება, რომ მაშინ, როცა ქალაქის ხანდაზმულ მკვიდრთა ნაწილი სტალინს „ეთაყვანება“, „ახალგაზრდების უმრავლესობას ის არ მოსწონს და ეს კარგია.“

XS
SM
MD
LG