ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2011 წლის მიწურულს მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას გაჯანსაღების ნიშნები დაეტყო. ამერიკელები სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავენ მაღაზიებში, პროგრესი შეინიშნება უძრავი ქონების ბაზარზეც, სამუშაოს სულ უფრო ნაკლები ადამიანი კარგავს.

თუმცა ევროპის ეკონომიკური კრიზისი, ჩინეთში აღმავლობის ტემპების შენელება და შეერთებულ შტატებში ხარჯების შემცირება 2012 წელს მრავალ თავსატეხს გაუჩენს მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს.

2011 წლის მთავარი პრობლემები შერთებულ შტატებში უმუშევრობის ზრდა და სახელმწიფო ვალის საკითხი იყო, რასაც კონგრესმა ვერაფერი მოუხერხა.

მიუხედავად ამისა ბრუკინგსის ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი ჯორჯ პერი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით:“ ექსპორტი იზრდება, ასევე პროგრესი შეინიშნება სამშენებლო ბიზნესშიც, განსაკუთრებით კომერციულ სექტორში.“

შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი უკანსკნელი ორნახევარი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა. მომხმარებელი უფრო თამამად ხარჯავს თანხებს. თუმცა ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდა, ევროპაში კი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს.

ბატონი პერის განცხადებით:“ ჩვენი ექსპორტის უდიდესი ნაწილი ევროპაზე მოდის, ევროპას კი ახალი რეცესია ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტის რაოდენობა შემცირდება. ეს თავის მხრივ ამერიკაში სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს და შეერთებულ შტატებსაც რეცესია დაემუქრება.“

ინფლაციის გაზრდა და ჩინეთში მიმდინარე პროცესები ჯორჯ პერის აზრით პეკინის გამიზნული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც საკუთარი ეკონომიკის გადახურება აფიქრებს და ზრდის ტემპის დაგდებას ცდილობს.

გლობალური გაურკვევლობის პირობებში მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზოელიკმა ევროპელებს უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით:“ ევროპამ თავის თავს თვითონ უნდა უშველოს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ასეთ ვითარებაში რისი გაკეთება შეუძლიათ შეერთებულ შტატებს და ჩინეთს? საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ეს ქვეყნები საკუთარ ეკონომიკურ პრობლემებს მოაგვარებენ, რაც მსოფლიო ბაზარზე მდგომარეობას გამოასწორებს.“

ბატონი ზოელიკის განცხადებით ჩინეთში დაწყებული რეფორმები ქვეყნის ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ამ ქვეყანამ უზარმაზარ ეროვნულ ვალს უნდა მიხედოს, რაც 15 ტრილიონ დოლარს აღწევს.

თუ მსოფლიოს ლიდერები გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის მკაცრ ზომებს არ გაატარებენ, მაშინ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების პროგნოზით, ევროპის ამერიკის და ჩინეთის პრობლემებმა 2012 წელს შესაძლოა იმგვარი კრიზისი გამოიწვიონ, რომ 2008 წელი მონაგონი იქნება.

XS
SM
MD
LG