ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთი წელი მოსამართლეების სანქცირებიდან - სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი


მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო სანქციები აამოქმედა, ერთი წელი გავიდა. მაშინ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 2023 წლის 5 აპრილის განცხადების საფუძველზე, სანქციები დუწესდათ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს. სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზეზად განცხადებაში მოსამართლეების „მნიშვნელოვან კორუფციაში“ ჩართულობა იყო დასახელებული.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ოფიციალური ვაშინგტონის მოწოდება, შეესწავლა სანქცირებული მოსამართლეების საქმეები, არ გაითვალისწინა.

პასუხად, საქართველოს მთავრობამ და მმართველი გუნდის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტს მტკიცებულებები მოსთხოვეს, რომლებიც დაადასტურებდა მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობას. „შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაირ სახელმწიფო მდივანი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას“, - თქვა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, 2023 წლის 6 აპრილს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

თითქმის ერთი წლის შემდეგ, კი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნა მოითხოვეს. „თავის დროზე, ამ უსამართლო სანქციებმა მისცა საბაბი ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“, რომ მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა“, - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის 2 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას. მას მიაჩნია, რომ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას.

გამოიღო თუ არა შედეგი ვაშინგტონის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა? როგორ აფასებს ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოში სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ ვითარებას და არის თუ არა მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში სანქცირებულ მოსამართლეთა წრის გაფართოება? ამ კითხვებით „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა.

ამერიკის ხმა : როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანი იყო მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის წინააღმდეგ სანქციები საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში?


მეთიუ მილერი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე 7031-ე მუხლის (C) ქვეპუნქტით დაექვემდებარნენ სავიზო შეზღუდვებს, მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო.
[ჩვენს მიერ მიღებული ზომები] ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების დაკისრებას მავნე აქტორებზე, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და რომლებიც მუშაობდნენ კანონის უზენაესობის ძირის გამოსათხრელად და ქართული საზოგადოების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ რწმენის შესალახად.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

ამერიკის ხმა: როგორ აფასებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებს?

მილერი: მართლმსაჯულების სექტორი [საქართველოში] კვლავ საჭიროებს რეფორმას, ხოლო სასამართლოს სასამართლოს ეფექტიანი რეფორმა არის ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც ევროკავშირმა გამოყო სამოქმედოდ [საქართველოს] გაწევრიანების მისწრაფების დასაწინაურებლად.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და განახორციელოს ვენეციის კომისიის მიერ ამ უწყებებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მთავრობის მოწოდებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რადგან ისინი კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

ამერიკის ხმა: განიხილავს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებული მოსამართლეების სიის გაფართოებას ან საქართველოში კორუფციის აღმოსაფხვრელად, დამატებითი ნაბიჯების გადადგმას?

მილერი: სახელმწიფო დეპარტამენტი წინასწარ არ განიხილავს 7031(C) პუნქტით მოსალოდნელ ან სამომავლო შეზღუდვებს. 7031(C) პუნქტის მოთხოვნის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ ან კერძო საუბარში, უნდა გამოაცხადოს უცხოელი ოფიციალური პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ შეზღუდვების დაწესება, რომლებზეც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ისინი მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში არიან ჩართული.

დეპარტამენტი გააგრძელებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყნებებას, მათ შორის, სავიზო შეზღუდვებისაც, კორუმპირებულ აქტორებზე ანგარიშვალდებულების დაკისრების ხელშესაწყობად, გლობალური მასშტაბით.

ამერიკის ხმა: საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს მოსამართლეებს და მოითხოვს მათ მიმართ სანქციების მოხსნას. რა პოზიცია აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს ამ საკითხთან დაკავშირებით?

მილერი: სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებას გლობალურად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სანქირებული ქართველი მოსამართლეების საქმეების გამოძიებისკენ "ქართული ოცნების" მთავრობას მოუწოდებს არასამთავრობო სექტორი. მიმდინარე კვირაში, რამდენიმე ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდა.

უვადოდ გამწესებული სანქცირებული მოსამართლეები

ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეებიდან, სამი მოქმედია და ისინი თანამდებობაზე უვადოდ არიან დანიშნული.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა და მას მოსამართლის მანტია 2043 წლამდე შეუძლია ატაროს. ირაკლი შენგელია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, პოსტზე 2041 წლამდე იქნება.

ლევან მურუსიძეს კი ვადა 2040 წლამდე აქვს. ის ამჟამად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის ყოფილი მოსამართლეა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG