ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2023 წლის შეჯამება საქართველოს ლიდერთა შეფასებებში


ევროკავშირში კანდიდატობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული საზეიმო მსვლელობა თბილისში. 15 დეკემბერი, 2023 წ.
ევროკავშირში კანდიდატობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული საზეიმო მსვლელობა თბილისში. 15 დეკემბერი, 2023 წ.

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გასულ, 2023 წელს აჯამებს. მისი თქმით, ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელ მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით.

“ამ პროცესების დაგვირგვინებად, ჩვენი ერთიანი, ღირსებასა და სიმართლეზე დაფუძნებული შრომის საუკეთესო აღიარებად იქცა ისტორიული მოვლენა - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა”, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ის მიღწევაა, რომელსაც “ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს”.

სტატუსის მინიჭებამ “არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა და ახლა, როდესაც საქართველო ისე ახლოსაა თავისი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, როგორც არასდროს, დამდეგ 2024 წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და ამოცანებით ვხვდებით; ვხვდებით შემართებით და მზაობით, კვლავაც თავდაუზოგავად ვიშრომოთ ამ ეროვნული მიზნების მალე მისაღწევად”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სალომე ზურაბიშვილი: ეს წელი 8 მარტისა და ჩვენი ერთიანობის წელი იყო

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ახალ, 2024 წელს ულოცავს. მისალოცი ტექსტი ეთმობა ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, გასული წლის განმავლობაში სტიქიური უბედურებების დროს დაღუპულ ადამიანებსა და ევროკავშირის კანდიდატი წევრობის სტატუსს.

"გილოცავთ იმ ადგილიდან, სადაც ყველაზე მაღალი და ყველაზე განათებული ნაძვის ხე დგას. გილოცავთ ორბელიანების სასახლიდან, პრეზიდენტის სასახლიდან, რომელიც დგას როგორც სახელმწიფო სიმბოლო და (რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია) როგორც ჩვენი ერთიანობის სიმბოლო: აფხაზების, ცხინვალის მცხოვრებლების, დიასპორისა და ჩვენი მოქალაქეების - ეს არის ადგილი, რომელიც თქვენი სახლია, თქვენი სახელმწიფოა. როცა ჩვენ ვამბობთ ერთიანობას, ეს არის ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია და მინდა, სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა, ის, რაც ამ წელს ყველას მიღწევაა", - აცხადებს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, "არ უნდა დავივიწყოთ, რა სიძნელეები და მტკივნეული მომენტები იყო 2023 წელს": "არ გვავიწყდება არც შოვის და არც გურიის ტრაგედიები და არც ის ყოველდღიური ტრაგედიები, რომლებშიც ცხოვრობენ, საოკუპაციო ძალების ყოველწუთიერი ზეწოლის ქვეშ მყოფი, ჩვენი მოქალაქეები. ეს ყველაფერი არ გვავიწყდება და ვცხოვრობთ იმისათვის, რომ ეს არ განმეორდეს".

მოსახლეობის ერთიანობის კონტექსტში ახსენებს ის 8 მარტს, როცა ათასობით ადამიანი გავიდა თბილისის ცენტრში ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად. "არც ის გვავიწყდება, რომ ეს წელი 8 მარტისა და ჩვენი ერთიანობის წელი იყო. ეს იყო 8 ნოემბრის წელი - ჩვენი გამარჯვების წელი, ამდენად, ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება ასევე, ჩვენი ერთიანობის წელი, როცა მივხვდებით, რომ აზრთა ჭიდილი ერთმანეთთან ბრძოლას არ ნიშნავს. ეს არის ის, რაც უნდა ვისწავლოთ ამ საარჩევნო წელს (რომელიც ახლა იწყება), რათა ჩვენ შევძლოთ ერთიანობის შენარჩუნება და გავამარჯვებინოთ თავისუფლებასა და სამართლიანობას - ამას გისურვებთ და მეც, თქვენთან ერთად, ამის სადარაჯოზე ვიქნები", - ამბობს პრეზიდენტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG