ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასობრივი მსვლელობა მოძრაობის უსაფრთხოებისთვის


მსოფლიოს დიდ ქალაქებში გამართული კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღება საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვას მიაპყროს


გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მთელი მსოფლიოს გარშემო გამართულ რბოლებში და მსვლელობებში. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღება საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობას მიაპყროს. მასობრივი მსვლელობა მოძრაობის წესების ცუდად დაცვით სახელგანთქმულ, სამხრეთ აფრიკაშიც გაიმართა. მასში მონაწილეობა ნელსონ მანდელას ოჯახმაც მიიღო.

ინდოეთი... კამბოჯა... ტანზანია...
განვითარებად სამყაროში ადამიანები და მანქანები ერთმანეთში ბუზებივით ირევა. მათი გზები კი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულად ითვლება. მოძრაობაში დროდადრო ველოსიპედისტებიც ქაოტურად იჭრებიან და ცდილობენ მანქანებს მოქნილობით მოუგონ. ზოგჯერ ეს ტრაგიკულად მთავრდება.

სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: მსოფლიოში საგზაო წესების დაუცველობის გამო ყოველწლიურად 1.2 მილიონი ადამიანი იღუპება. სამხრეთ აფრიკაში ურთულესი მდგომარეობაა. საგზაო შემთხვევებში იქ დღეში 40 ადამიანი კვდება. ზენანი მანდელა, ნელსონ მანდელას 13 წლის შვილიშვილი სამი წლის წინ, მსოფლიო თასის გათამაშების წინა დღეებში ავარიაში გარდაიცვალა.

ზენანის ბიძა, კუეკუ მანდელა ვაშინგტონში გამართულ მასობრივ მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას. ის კამპანიის ერთ-ერთი აქტივისტია.

„ეს შესაძლოა დაგვეხმაროს იმაში, რომ მომავალში გზებზე ნაკლები ადამიანი დაიღუპოს. ადამიანებმა შექმნილი სიტუაციის შესახებ მეტი განათლება უნდა მიიღონ. ამ ყველაფერს ზენანის სახელით ვაკეთებთ“ - აღნიშნავს აქტივისტი.

უოკერ კრისტენ ტომენი ტარებას სწავლობს. ის რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოყვა და მაშინ გამოცდილი შიშის დაძლევას ცდილობს.


ტკივილი და ფსიქოლოგიური ტრავმაა. მე ჯერ კიდევ მეშინია ტრასაზე დამოუკიდებლად გასვლის და ვცდილობ ამ გრძნობას მოვერიო. ყოველ წუთში მეჩვენება, რომ ავარიაში ვყვები“ - ამბობს ახალგაზრდა გოგონა.

შეერთებული შტატების სატრანსპორტო დეპარტამენტის მდივანი, რეი ლაჰუდი ამბობს, რომ გზებზე ახალი ტიპის საფრთხედ ე.წ. გაფანტული ტარება მოგვევლინა.

„87 პროცენტს უსაფრთხოების ღვედი შეკრული აქვს, მაგრამ საჭესთან ამერიკელები ტექსტების გაგზავნით და მობილური ტელეფონების გამოყენებით არიან დაკავებული. ბოლომდე ვერ აცნობიერებენ ამ უდიდეს საფრთხეს“ - აღნიშნავს სატრანსპორტო დეპარტამენტის მდივანი.

შეერთებულ შტატებში საგზაო შემთხვევების რაოდენობა 6 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად იკლებდა, მაგრამ წელს ისევ მოიმატა. გლობალურად განუხრელი ზრდა ფიქსირდება. ანალიტიკოსების აზრით, დაღუპული ადამიანების ყოველწლიური მონაცემი რამდენიმე წელიწადში 2 მილიონი იქნება. ამიტომაც მასობრივ მსვლელობათა ორგანიზატორები ცდილობენ უმეტესად ახალგაზრდა თაობების ყურადღება მიიპყრონ და საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათი ცნობიერება აამაღლონ.

ოთხი წლის კაი ზარმა უკვე ბევრი რამ იცის. ის ამბობს, რომ ქუჩაში გადასვლის დროს ხელი აუცილებლად უფროსს უნდა ჩასჭიდოს.

„რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა ვაზიაროთ ბავშვები უსაფრთხოების და წესრიგის კულტურას და მეტი შანსი გვექნება, რომ ეს ჩვევა მათ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ“- ამბობს პატარა კაის მამა, რობერტ ზარი და დასძენს, რომ იმის იმედიც გაგვიჩნდება, რომ მომავალში ისინი საკუთარ შვილებსაც მიაჩვევენ საგზაო წესების დაცვას და მათი ცხოვრება ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება.
XS
SM
MD
LG