ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კვლევა სოფლის მეურნეობაზე


სოფლის მეურნეობის წარმოება მომავალში მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში გადაინაცვლებს

საკვებზე მაღალი ფასები და წარმოების შემცირება - ასეთია სოფლის მეურნეობის გლობალური ტენდენცია მომავალი ათი წლის განმავლობაში. ამის შესახებ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოების კვლევა იუწყება. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ლიზა ბრაიანტი არკვევდა.

კარგი ამბავი ის არის, რომ საკვებზე ფასები აღარ იმატებს. ცუდი სიახლე კი ის გახლავთ, რომ გაზრდილი ფასების კლება მოსალოდნელი არ არის. გლობალური სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება მცირდება. თანამედროვე მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წარმოება მომდევნო ოთხი დეკადის მანძილზე 60 პროცენტით უნდა გაიზარდოს, რათა მსოფლიოს მზარდი მოსახლეობა გამოკვებილი იყოს.

კვლევა გაეროს ორმა სააგენტომ ერთობლივად ჩაატარა. რომში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ჟოზე გრაზიანო და სილვამ განაცხადა, რომ ამ დარტყმას ყველაზე მეტად ღარიბები იგრძნობენ.

„სიღარიბეში მცხოვრები მილიონობით ადამიანისთვის საკვებზე მაღალი ფასების შედეგები უკვე ნათელია - მათი კვების რაციონი უმწირესი ხდება,“ - ამბობს გრაზიანო და სილვა.

მექსიკის მსგავს საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, სიმსუქნე უკვე მზარდი პრობლემაა, რადგანაც ადამიანთა დიდი ნაწილი ჯანსაღ პროდუქტს ვეღარ ყიდულობს. კვლევის მიხედვით, სოფლის მეურნეობის წარმოება მომავალში მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში გადაინაცვლებს. კერძოდ, ლათინურ ამერიკაში, კარიბის რეგიონსა და აფრიკის სუბ საჰარის ქვეყნებში.

„2050 წლისთვის ჩვენ შეგვიძლია გამოვკვებოთ 9 მილიარდი ადამიანი, თუმცა ამის ორგანიზება სწორად უნდა მოხდეს,“ - ამბობს გაეროს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ანგელ გურია.

თუმც, ამ გზაზე უამრავი პრობლემა არსებობს. მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მეოთხედი დეგრადირებულია. ბევრ ქვეყანას წყლის კრიზისი აქვს. ექსპერტების განცხადებით, კლიმატური ცვლილებები ამინდის შეცვლასაც იწვევს. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ვითარების გამოსწორება არა მხოლოდ ფერმერთა სურვილზეა დამოკიდებული, არამედ მთავრობებმაც უნდა შეწყვიტონ ისეთი დარგების სუბსიდირება, რაც ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობის წარმოებას და უფრო მეტი აქცენტი სწორედ სოფლის მეურნეობის პროცესზე უნდა გადაიტანონ. როგორც გურია ამბობს, სოფლის მეურნეობის მდგომარეობა უმეტესწილად ადამიანთა შეგნებაზეა დამოკიდებული. კერძოდ, დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ღარიბები უფრო სხვის დახმარებაზე არიან დამოკიდებული. თუმცა, ანგელ გურიას ვითარების შეცვლის იმედი აქვს. ამ საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნარჩენების შემცირებას. ორივე ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოს საკვების დაახლოებთ ერთი მესამედი დანაკარგებში მიდის. ამის მიზეზი როგორც მოსავლის აღების მეთოდები და ზოგადად მოუსავლიანობა, ისე ადამიანთა დაუდევრობაა.
XS
SM
MD
LG