ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვისკონსინის უზენაესმა სასამართლომ ე.წ. სახლში დარჩენის ბრძანება გააუქმა


ვისკონსინის შტატის უზენაესმა სასამართლომ გუბერნატორის მიერ შტატში შემოღებული სახლში დარჩენის ბრძანება გააუქმა. ოთხშაბათს მიღებული ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ მხარი დაუჭირა რესპუბლიკელ კანონმდებლებს, რომლებიც ამბობენ, რომ შტატის ჯანდაცვის უწყებამ ამ შეზღუდვის დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.

საკარანტინო ღონისძიებები რამდენიმე სხვა შტატშიც გააპროტესტეს და სასამართლოშიც გაასაჩივრეს. ვისკონსინის უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პირველი წარმატებული საქმე იყო მაშინ, როდესაც სოციალური დისტანცირების საკითხი უკიდურესად პოლიტიკური და მაპოლარიზებელი გახდა.

ვისკონსინში სახლში დარჩენის მოთხოვნა, რომელსაც "სახლში უფრო უსაფრთხოა" მოიხსენიებდნენ, გუბერნატორის ბრძანებით, შტატის ჯანდაცვის სამსახურის მდივნის მიერ 26 მაისამდე იყო გახანგრძლივებული.

სასამართლომ დაადგინა, რომ დემოკრატ გუბერნატორს საგანგებო ზომების მიღების უფლებამოსილება აქვს, თუმცა ფორმალურად ეს შეზღუდვა ჯანდაცვის მდივანმა დააწესა, რაც მის უფლებებს სცდებოდა.

ჯანდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ის "იმედგაცრუებულია" ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ ხალხს მაინც მოუწოდებს დაემორჩილონ რეკომენდაციებს და დაიცვან სოციალური დისტანცია, რადგან ეს ვირუსის გავრცელების შეზღუდვის საუკეთესო გზაა.

"მხოლოდ იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ "გახსნა" უსაფრთხოა, არ ნიშნავს რომ მეცნიერებაც ასე ფიქრობს", - დაწერა შტატის გუბერნატორმა "ტვიტერზე".

XS
SM
MD
LG