ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვიკილიქსმა“ გუანტანამოს პატიმრებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა


„ვიკილიქსმა“ გუანტანამოს პატიმრებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
„ვიკილიქსმა“ გუანტანამოს პატიმრებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა

ანტი-კონსპირაციულმა არასამთავრობო ჯგუფმა „ვიკილიქსმა“ ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების მთავრობის გასაიდუმლოებული დოკუმენტების კიდევ ერთი პაკეტი გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას გუანატანამოს საპყრობილეში მყოფი ეჭვმიტანილი ტერორისტების შესახებ. კერძოდ, საჯაროდ გავრცელებულ ანგარიშებში ლაპარაკია პატიმრებისგან დაკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციასა და აგრეთვე იმაზე, თუ რა საფრთხეს შექმნიან ისინი გათავისუფლების შემთხვევაში. დოკუმენტებში აღნიშნულია ისიც, რომ ამერიკელი სამხედროები ორი მოკავშირე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობას აღიქვამენ როგორც ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლო მანიშნებელს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი გერი თომასი.

„ვიკილიქსის“ მიერ ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტების უმრავლესობა ფაქტობრივად გუანტანამოს პატიმრების პირად დახასიათებას შეიცავს. დოკუმენტები შედის გასაიდუმლოებული მასალების იმ კატეგორიაში, რომლის გაზიარებაც სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან იკრძალება. დოკუმენტებში მოცემულია წინასწარი შეფასება იმისა თუ შესაძლოა ვინ წარმოადგენს ტერორისტულ საფრთხეს გუანტანამოს პატიმრებიდან. დახასიათებებისა და შეფასებების გარდა, თანდართულ დოკუმენტებში ერთი განსაკუთრებულად საყურადღებოა რადგან მასში მოცემულია ტერორისტების მხარდამჭერი ჯგუფების ჩამონათვალი.

გრძელ დოკუმენტში სათაურით „მოწინააღმდეგე მებრძოლთა საფრთხის მაჩვენებლების თაბახი“ მოცემულია ზოგადი მითითებები, რომელთა საშუალებითაც გამომძიებლები და სხვა ოფიციალური პირები შესაძლო ტერორისტის ამოცნობას ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ალ ყაიდასა და თალიბების მოძრაობის „მხარდამჭერი ძალების“ სია შეიცავს როგორც პაკისტანის ისე იემენის სადაზვერვო სამსახურებს. ნიშნადობლივია, რომ ორივე ხსენებულმა უწყებამ ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით შეერთებული შტატებისგან მილიონობით დოლარი მიიღო.

პაკისტანის სადაზვერვო სამსახურს უკვე კარგა ხანია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მას ავღანეთის თალიბთა მოძრაობასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. თუმცა პაკისტანის მთავრობა ამ ბრალდებებს გამუდმებით უარყოფს. ხოლო იემენის რამდენიმე რეგიონი არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ ყაიდას თავშესაფარს წარმოადგენს.

დოკუმენტებში მოცემულია გუანტანამოს პატიმრების დაკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, ალ ყაიდას ლიდერ ოსამა ბინ ლადენთან დაახლოებული პირების ჩათვლით.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი მაიკლ შეუერი, რომელსაც თავის დროზე ბინ ლადენის ლიკვიდაცია ევალებოდა, აღნიშნავს, რომ დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, რომ გამომძიებლებმა პატიმრებისგან „პრაქტიკულად გამოსაყენებელი“ ინფორმაცია არ მიიღეს. „პრაქტიკულად გამოსაყენებლ“ ინფორმაციად ითვლება ის ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იერიშის მიტანა ტერორისტულ ობიექტებზე.

„როცა ალ ყაიდას წევრს ან მასთან დაახლოებულ პირს ესაუბრები, შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ სრულფასოვან შთაბეჭდილებას შეგიქმნის. ხოლო პრაქტიკულად გამოსაყენებელი ინფორმაციის მოპოვება ძალიან იშვიათია. როგორც წესი, ალ ყაიდას წევრევის უმრავლესობა ორგანიზაციისა და მიღწეული საქმიანობის შესახებ ამაყად საუბრობს. მათ ისლამურ ისტორიაში საკუთარი წვლილის განხილვა მოსწონთ. ის მასალები, რომელსაც მე ჯერ-ჯერობით გავეცანი ადასტურებს იმას, რომ ისინი გამომძიემბლებთან სწორედ ამ სახის დისკუსიაში იყვნენ ჩართულნი,“ დასძენს მაიკლ შეუერი.

XS
SM
MD
LG