ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ არის სლოვაკეთის ერინ ბროკოვიჩი


სლოვაკეთის მოსახლეობამ გასულ კვირას პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ზუზანა ჩაპუტოვა ლიბერალი გარემოსდამცველი აქტივისტი და ახალბედა პოლიტიკოსია, რომელიც ხალხს კორუფციის დამარცხებასა და გამჭვირვალობას დაჰპირდა.

მართალია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაპუტოვა შედარებით ახალბედაა, მაგრამ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც მას მანამდეც იცნობდნენ, როგორც ლიბერალ იურისტს, რომელმაც თითქმის 15 წლიანი ბრძოლა მოიგო ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის წინააღმდეგ.

საბოლოო გამარჯვება ჩაპუტოვამ არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, პირველ ტურშიც მას მთავარ მოწინააღმდეგეზე 20 %-ით მეტი მხარდაჭერა ჰქონდა მიღებული. მეორე ტურში კი ჩაპუტოვამ ვეტერანი დიპლომატი, მაროშ შევჩოვიჩი ხმათა 58 %-ით დაამარცხა. ამ უკანასკნელს მხარს მმართველი პარტია, სმერი უჭერდა.

ხელისუფლება ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2017 წლის განმავლობაში, დიდხანს უგულებელყოფდა ანტიკორუფციული მოთხოვნებით ქუჩაში გამოსული ხალხის პროტესტს, მაგრამ 2018 წლის თებერვალში მომხდარი ჟურნალისტის მკვლელობის გამო პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკო იძულებული გახდა გადამდგარიყო. 27 წლის ჟურნალისტი იან კუჩიაკი საცოლესთან ერთად საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები იპოვეს. კუჩიაკი გამომძიებელი ჟურნალისტი იყო და ინტერნეტგამოცემა Aktuality.sk-ისთვის მუშაობდა. ჩაპუტოვა ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ გამძაფრებული პროტესტის აქტიური მონაწილე იყო, მოსახლეობას მოუწოდებდა: "წინ აღვუდგეთ ბოროტებას" და ამბობდა, რომ შეარყევდა პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს, რომელიც მისი თქმით, კულისებს მიღმა ადამიანების მიერ იმართება. გამარჯვების გამოცხადებისთანავე ჩაპუტოვა მოკლული ჟურნალისტისა და მისი საცოლის მოსახსენიებელ მემორიალთან მივიდა და სანთლები დაანთო.

მაროშ შეფჩოვიჩი
მაროშ შეფჩოვიჩი

ჩაპუტოვას მოწინააღმდეგემ მაროშ შევჩოვიჩმა მასზე თითქმის 20 %-ით ნაკლები ხმები მიიღო. შეფჩოვიჩი პატივცემული დიპლომატია. 2009 წლიდან ევროკომისიის წევრია, 2014 წლიდან კი ევროკომისიის ენერგეტიკული კავშირის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც უკავია. თავადაც, ცხადია, პროდასავლური კურსის მქონე კანდიდატს მხარს მმართველი პარტია უჭერდა. "სმერი" ქვეყნის პოლიტიკაში 2006 წლიდან დომინირებს და ახლაც, კვლავ ყველაზე პოპულარული პარტიაა, მაგრამ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ, ახალი პრეზიდენტის არჩევამ და სხვა პროცესებმა შესაძლოა წაახალისოს ოპოზიციური პარტიები და დაეხმაროს მათ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში სმერის ჩანაცვლებაში.

ჩაპუტოვას წინასაარჩევნო სლოგანთა შორის მთავარი ის იყო, რომ მმართველმა ძალამ და მათ უკან მდგომმა ადამიანებმა "სახელმწიფო მიიტაცეს". ეს გზავნილი, როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდა, განათლების მქონე ამომრჩეელს შორის იყო.

რას ნიშნავს ჩაპუტოვას გამარჯვება და რა იქნება შემდეგ?

45 წლის ზუზანა ჩაპუტოვა არასაპარლამენტო ლიბერალური პარტიის "პროგრესული სლოვაკეთის“ წევრია, რომლის დატოვების პირობასაც დებდა გამარჯვების შემთხვევაში. ამაში მას მმართველი პარტიის კოალიციაში მყოფი, უნგრული უმცირესობის წარმომადგენელი პარტია და სხვა, ოპოზიციური პარტიებიც უჭერდნენ მხარს. კაპუტოვამ გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ამომრჩეველს მადლობა სლოვაკურის გარდა, უნგრულ, ჩეხურ და ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე გადაუხადა.

ზუზანა კაპუტოვა, სლოვაკეთის არჩეული პრეზიდენტი
ზუზანა კაპუტოვა, სლოვაკეთის არჩეული პრეზიდენტი

„ბედნიერი ვარ არა მხოლოდ შედეგებით, არამედ იმით, რომ შესაძლებელი აღმოჩნდა, არ დავნებდეთ პოპულიზმს, ვთქვათ სიმართლე, გავზარდოთ ინტრესი აგრესიული ლექსიკონის გარეშე. ეს გასულ წელს ადგილობრივი არჩევნებით დაიწყო, ამ საპრეზიდენტო არჩევნებით დამტკიცდა და მჯერა, გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება ევროპარლამენტის არჩევნებითაც“, - უთხრა მან ამომრჩეველს. 2015 წლის შემდეგ ნაციონალისტურმა პარტიებმა გამარჯვება შეძლეს უნგრეთში, პოლონეთსა და ავსტრიაში.

ანალიტიკოსებმა უკვე შეაფასეს ჩაპუტოვას გამარჯვება, როგორც პოპულისტების და ევროპული ერთობის მოწინააღმდეგეთა მარცხი. თუმცა მათივე თქმით, ლიბერალი პრეზიდენტის გამარჯვებამ შესაძლოა სისტემის მოწინააღმდეგეთა, სმერ-ის მხარდამჭერთდა და სხვათა მობილიზაციაც კი გამოიწვიოს. ყოფილმა პრემიერმა, ფიკომ გასულ კვირას ლიბერალებს უკვე უწოდა „ხალხი ღირებულებების გარეშე“.

ფიკოს პარტია - სმერი სოციალ-დემოკრატიული პარტიაა, თუმცა სოციალურ-კონსერვატული პოზიციებით. პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში ფიკოს შეეძლო ქვეყანაში ევროსკეპტიკური სენტიმენტების გაღვივება და სლოვაკეთი შესაძლოა ამ მხრივ მეზობელ უნგრეთსა და პოლონეთს დამსგავსებოდა, რომლებსაც კონსერვატორი ლიდერები ჰყავთ. ამის ნიშნები ქვეყნის პოლიტიკაში უკვე შეინიშნებოდა, როდესაც სმერი ცენტრისტ-მემარჯვენე "სლოვაკთა ნაციონალურ პარტიას", ულტრა-მემარჯვენე პარტიას "ხალხთა პარტია-ჩვენი სლოვაკეთი" და პოპულისტურ პარტიას "ჩვენ ოჯახი ვართ" შეუერთდა იმ მოძრაობაში, რომლის მიზანიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე ევროპული შეთანხმების რატიფიკაციის შეფერხებაა.

როგორ გახდა ჩაპუტოვა სლოვაკი ერინ ბროკოვიჩი?

ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის პრეზიდენტის პოსტს ივნისში დაიკავებს. ის ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი იქნება მას შემდეგ, რაც 1993 წელს სლოვაკეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. პოსტზე ლიმიტირებული უფლებამოსილება ექნება, თუმცა მას შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის კანონებს, დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. საინტერესოა, რომ ამ უფლებით მას შეეძლება ხელი შეუშალოს გადამდგარი პრემიერის, რობერტ ფიკოს სურვილს, პოლიტიკის დატოვების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის პოსტის დაკავების თაობაზე. პრეზიდენტს შეუძლია არ დაამტკიცოს მისი კანდიდატურა.

გარდა ამისა, მართლმსაჯულებასთან და ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებული საკითხები ჩაპუტოვას იურიდიულ წარსულს უკავშირდება.

იან კუჩიაკისა და მისი საცოლის, მარტინა კუსნიროვას მკვლელობაში ხუთი ადამიანია ბრალდებული. მათ შორისაა ბიზნესმენი მარიან კოჩნერი, რომლის საქმიანობასაც კუჩიაკი იძიებდა. ის წლების მანძილზე, სმერის მმართველობისას ერთგვარ, დაუსჯელობის სიმბოლოდ იქცა. კოჩნერი დანაშაულს ამ დრომდე უარყოფს. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის საქმემ შეძრა ქვეყნის მოსახლეობა და პრემიერი იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა, ეს საქმე სხვაგვარადაც უკავშირდებოდა ახალარჩეულ პრეზიდენტს.

ზუზანა ჩაპუტოვას კოჩნერის კომპანიასთან ბრძოლის ხანგრძლივი ისტორია აქვს. გარემოსდამცველი იურისტი თავის მშობლიურ ქალაქთან მომწამლავი, უკანონო ნაგავსაყრელის დახურვას ითხოვდა და მან ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ მიზანს მიაღწია. სწორედ ამ საქმის მოგების შემდეგ მას ახალი მეტსახელი შეარქვეს: "სლოვაკეთის ერინ ბროკოვიჩი". ერინ ბროკოვიჩი ჯულია რობერთსის გმირის, გარემოსდამცველი ქალის სახელია ერთ-ერთ ცნობილ ამერიკულ ფილმში. ჩაპუტოვამ ამ საქმის გამო 2016 წელს პრესტიჟული "გოლდმანის გარემოსდაცვითი პრიზი" მიიღო.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG