ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო: მსოფლიოში დელტა ვარიანტი დომინირებს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პრაქტიკულად ყველა ვარიანტი უკვე დელტა ვარიანტმა ჩაანაცვლა.

"შემთხვევათა 1 %-ზე ნაკლები ალფა, ბეტა და გამა ვარიანტებია. მსოფლიოში, რეალურად, დელტა ვარიანტი დომინირებს", - ამბობს მარია ვან კერკოვი, ჯანმოს წარმომადგენელი. მისი განმარტებით, დელტა ვარიანტი იმდენად ადვილად გადამდებია, რომ მთელ მსოფლიოში ცირკულირებადი თითქმის ყველა ვარიანტი მან ჩაანაცვლა.

თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი სავალდებულო ვაქცინაციის ან საკარანტინო ზომებს კვლავ აპროტესტებს. ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მშენებლობის სფეროში დასაქმებულებმა გააპროტესტეს. მელბურნში ხელისუფლების გადაწყვეტილებით სამშენებლო ობიექტები 2 კვირით იკეტება, რათა დასაქმებულთა გადაადგილებამ ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყოს.

ავსტრალიაში მშენებლობაზე დასაქმებულები ასევე ვალდებულნი არიან კორონავირუსის ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც ჰქონდეთ მიღებული იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. შტატ ვიქტორიაში, სადაც მელბურნი მდებარეობს, სამშაბათს 603 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ამ წელს, ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

კორონავირუსის პროტოკოლის დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრების შესახებ საუბრობს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი არდერნიც. ნოემბრიდან რეგულაციების გამიზნულად დარღვევისთვის პირები 2 800 $-იდან 8 400 $ ოდენობის თანხით შეიძლება დაჯარიმდნენ. სასჯელი შესაძლოა ზოგ შემთხვევაში 6 თვემდე პატიმრობაც კი იყოს. ბიზნესები კი, რომლებიც რეგულაციებს დაარღვევენ, 10 500 $-იანი ჯარიმის საფრთხის ქვეშ იქნებიან. "ჩვენი წარმატება დიდწილად იმას ეფუძნებოდა, რომ მოსახლეობის უმეტესობა რეგულაციებს ემორჩილებოდა", - თქვა არდენმა.

დელტა ვარიანტს ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. შტატ ვაშინგტტონის გუბერნატორი თეთრ სახლს დახმარებას სთხოვს, ამბობს, რომ საავადმყოფოები გადატვირთულია და მათ სამხედრო პერსონალის დახმარება სჭირდებათ. შტატშიც დელტა ვარიანტი ფართოდაა გავრცელებული. გუბერნატორის განმარტებით, სწორედ დელტა ვარიანტს უკავშირდება საავადმყოფოების უკიდურესი გადატვირთვა. ივლისის შუა რიცხვებიდან კი ყოველ ორ კვირაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები ორმაგდება. ეს ციფრები მთელი პანდემიის განმავლობაში დაფიქსირებული მაჩვენებლების თითქმის მაქსიმუმს აღწევს.

ვაშინგტონის შტატის ოფიციალური ინფორმაციით, 12 წელზე უფროსი მოსახლეობის 69 % სრულადაა აცრილი. ეს კი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე - 64 %-ზე მაღალია.

ორშაბათს კორონავირუსის გარდაცვლილთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში 2 302 იყო. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ეს წელს მარტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG