ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექიმი: ამერიკის პრეზიდენტი სავსებით ჯანმრთელია


თეთრი სახლის ექიმი ამბობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სავსებით ჯანმრთელია და მოვალეობების შესრულებაც სრულებით შეუძლია.

სამშაბათს თეთრ სახლში სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე ექიმი, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა ამერიკის 71 წლის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ დასმულ შეკითხვებს. „ის თავისი მოვალეობების შესასრულებლად სავსებით ჯანმრთელია“, - განაცხადა ექიმმა რამდენჯერმე.

დონალდ ტრამპი, რომლის სიმაღლეც 1 მეტრი და 90 სმ-ია, 108 კილოგრამს იწონის. ის წონით მესამე პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში. მასზე „მძიმე-წონიანები“ იყვნენ მხოლოდ ჰოვარდ ტაფტი და გროვერ კლივლენდი.

„პრეზიდენტის ზოგადი ჯანმრთელობა არის შესანიშნავი“, - განაცხადა ექიმმა რონი ჯექსონმა. „ყველა კლინიკური მონაცემი აჩვენებს, რომ პრეზიდენტი ძალიან ჯანმრთელია და იქნება ჯანმრთელი მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში".

ჯექსონმა თქვა, რომ მას პრეზიდენტმა მითითება მისცა, დარჩენილიყო ტრიბუნასთან მანამ, სანამ ყველა შეკითხვას არ გასცემდა პასუხს. ამერიკის საზღვაო შეიარაღებული ძალების ყოფილი ადმირალი ჯექსონი ხელმძღვანელობდა ბარაკ ობამას ბოლო სამედიცინო გამოკვლავასაც.

შეკითხვების ნაწილი პრეზიდენტის ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც შეეხო. ექიმის თქმით, მონრეალის კოგნიტური შეფასებით, მისი მაჩვენებლები 30-დან 30-ია და შესაბამისად, ის სავსებით ჯანმრთელია. რაც შეეხება მისი კოგნიტური შესაძლებლობების შესახებ დასმულ კითხვებს, ექიმმა თქვა, რომ არანაირი შეშფოთების საფუძველი არ არსბეობს და ამგვარი ეჭვების მიზეზი „ტაბლოიდების ფსიქიატრიაა“.

ექიმის თქმით, ის პრაქტიკულად ყოველ დღე ესაუბრება პრეზიდენტს და მის კოგნიტურ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეჰპარვია. და ასე რომ ყოფილიყო, ის აუცილებლად დააყენებდა ამ საკითხს შესაბამის დონეზე განსახილველად. მისი თქმით, პრეზიდენტს ღამე მხოლოდ 4-5 საათი სძინავს, თუმცა ეს სტრესთან გასამკლავებლად მისთვის საკმარისია და ეს დილით ადრე გაღვიძებაში ხელს არ უშლის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG