ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ გამოიყურება ქრისტიანთა ღმერთი - ამერიკული სტერეოტიპები


ამერიკელების თითქმის 90 პროცენტი მორწმუნეა, ან ასე თვლის. მაგრამ როგორ გამოიყურება ქრისტიანთა ღმერთი მათ წარმოსახვაში? ამ კითხვაზე საინტერესო პასუხს გვთავაზობს ჩაპელ ჰილში მდებარე ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის კვლევა, რომელიც ივნისში ჟურნალში „პლოს უან“ (PLOS ONE) გამოქვეყნდა.

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 511 ამერიკელი ქრისტიანი მონაწილეობდა. მათ ასობით ფოტო აჩვენეს, რათა გაერკვიათ, თუ როგორ წარმოედგინათ მათ მამა ღმერთის სახე.

ხელოვნებაში ჩამოყალიბებული ისტორიული სტერეოტიპების საპირისპიროდ, სადაც ღმერთი როგორც წესი, თეთრკანიანი წვერებიანი ხანდაზმული მამაკაცის სახითაა გამოხატული, ამერიკელებს ღმერთი ახალგაზრდა ჰგონიათ, ნაკლებად მასკულინური აღნაგობის და შერეული რასის, ანუ - არც ისე თეთრკანიანი.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ მორწმუნეთა წარმოსახვაში არსებულ ღვთის განსახიერებაზე გავლენას მათი პოლიტიკური შეხედულებებიც ახდენს. მაგალითად, ლიბერალებს ღმერთი ცოტა უფრო ქალური სინაზის მატარებლად წარმოუდგენიათ. ის შედარებით ახალგაზრდაა და „გაცილებით მოსიყვარულე“. გამოკითხულთა კონსერვატიული ნაწილისთვის ღმერთს უფრო თეთრკანიანი მამაკაცის გარეგნობა აქვს, შედარებით ასაკოვანის, „ძლევამოსილი“, მკაცრი ხასიათით.

„ეს სტერეოტიპები სავარაუდოდ, იმ ტიპის საზოგადოების გამოძახილია, როგორი საზოგადოების შექმნაც სურთ ლიბერალებს და კონსერვატორებს“ - ამბობს ჯოშუა კონრად ჯექსონი, კვლევის წამყვანი ავტორი. „წინა კვლევებიც აჩვენებს, რომ კონსერვატორებს მეტი მოტივაცია აქვთ, ვიდრე ლიბერალებს, იცხოვრონ უფრო კარგად მოწესრიგებულ სამყაროში, რომელიც ძლიერი ღმერთის მიერ არის რეგულირებული. მეორეს მხრივ, ლიბერალებს უფრო ტოლერანტულ საზოგადოებაში ცხოვრების სურვილი ამოძრავებთ, რომელსაც მოსიყვარულე ღმერთი დაარეგულირებდა“.

მკვლევარების აზრით, ღმერთის ასაკიც თავისებურად საინტერესო მსაზღვრელი ფაქტორია. ახალგაზრდა ამერიკელები ღმერთის შესაძლო სახეების ფოტოებში თავის ასაკთან უფრო ახლოს მყოფი ადამიანების ფოტოებს არჩევენ.

არანაკლებ როლს თამაშობს გამოკითხულთა პირადი მომხიბვლელობაც. ლამაზ ადამიანებს ღმერთიც უფრო ლამაზი ჰგონიათ.

და ბოლოს: შავკანიან ქრისტიან ამერიკელებს ღმერთი საკუთარ გარეგნობასთან უფრო ახლოს წარმოუდგენიათ. მათ აქვთ მიდრეკილება ღმერთი არა თეთრკანიან, არამედ უფრო ფერადკანიანი გარეგნობის მქონე მამაკაცად წარმოსახონ. მათი ღმერთი როგორც გამოკითხულ მამაკაცებში, ასევე ქალებშიც, გაცილებით უფრო მასკულინური გარეგნობისაა.

„ადამიანებს აქვთ ტენდენცია სჯეროდეთ ღმერთის, რომელიც მათ გარეგნობასთან უფრო ახლოსაა და ეს მათ ეგოცენტრულ ტენდენციურობასთან თანხვედრაშია“ - აღნიშნავს პროფესორი კურტ გრეი, კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი, ფსიქოლოგიის პროფესორი. „ადამიანი ხშირად აღიქვამს სხვებს საკუთარი შეხედულებების და თვისებების მიხედვით. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ღმერთის გარეგნობაც ამ მხრივ არ განსხვავდება. ხალხს იმ ღმერთის სწამს, რომელიც არამარტო მათსავით ფიქრობს, არამედ მათსავით გამოიყურება კიდეც“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG