ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უეს მიტჩელი: ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით


უეს მიტჩელი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

„დღეს, კიდეზე მყოფი ქვეყნების- უკრაინის, საქართველოს, და ბელორუსის ეროვნული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა წარმოადგენს ყველაზე სარწმუნო ბასტიონს რუსეთის ნეოიმპერიალიზმის წინააღმდეგ“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უეს მიტჩელმა „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ კონფერენციაზე, სადაც გეოპოლიტიკურად, გაურკვევლობაში მოქცეული ქვეყნების დასავლეთში ინტეგრაციას განიხილავდნენ. „ისტორიულად, ძლიერი დემოკრატიები პატარა ქვეყნების უფლებებს იცავდნენ პრინციპების და ინტერესის საფუძველზე, მაშინ, როდესაც დიდი ავტორიტარული ქვეყნები მათ მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ“, - თქვა მან.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპის და ევრაზიის საკითებში ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია თბილისს უწევს. გასულ წელს, ტრამპის ადმინისტრაციამ თბილისისთვის ჯაველინების ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის გადაწტვეტილება მიიღო.

„ჩვენ ვდგავართ საქართველოსა და უკრაინის გვერდით, და ეს ფაქტი დავადასტურეთ მათთვის დახმარების და შეირაღების მიწოდებით“, - თქვა მიტჩელმა. „ამერიკა აგრძელებს დახმარებას მათთვის, ვინც საკუთარ თავს ეხმარება თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - დაამატა მან.

უკანასკნელი 26 წლის მანძილზე საქართველომ ამერიკისგან, მხოლოდ დემოკრატიის გავითარებისთვის, 1.8 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.

დემოკრატიული კურსი

მიტჩელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორის რეფორმების კუთხით ყველაზე წარმატებულია. თუმცა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აკვირდება დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

„საქართველომ უფრო მეტ პროგრესს მიაღწია თავდაცვის განვითარების კუთხით, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ასპირანტმა ქვეყანამ უახლოეს წარსულში. ეს პროცესი ერთ ღამეში არ დასრულდება. საჭიროა რეფორმების გაგრძელება, მათ შორის თავდაცვის სექტორში. თუმცა ჩვენ ვრჩებით ღია კარის პოლიტიკის ერთგული“, - თქვა მან.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოჰყო, რომ შეერთებული შტატები აკვირდება საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის პროცესს.

„როგორ წარიმართება ახალი კონსტიტუციის ამოქმედების პროცესი, რომელიც ძალაში მომავალ წელს შედის, გვაჩვენებს იმას, თუ რამდენად არის ერთგული საქართველო ძალაუფლების გადანაწილების პრინციპის და რეფორმების პროცესისადმი“, - თქვა მიტჩელმა.

წინასაარჩევნო გარემო

საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების შეფასებისას, უფრო კრიტიკული იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი, ჯორჯ კენტი.

კენტი ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ის მესიჯები, რაც თბილისში გააჟღერა და მოუწოდა მთავრობის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ სამოქალაქო საზოგადოებაზე დავდასხმისგან.

„მოვუწოდე მაღალი ცივილურობისკენ ყველა მხარეს. პოლიტიკოსი არ უნდა დაესხას თავს სამოქალაქო საზოგადოებას და მათ ფაშისტები არ უნდა უწოდოს. მე ეს იმ პოლიტიკოსსაც ვუთხარი, რომელიც ასე რამდენჯერმე მოიქცა. მედიასაც აქვს პასუხისმგებლობა, როდესაც ისინი სიტყვის თავისუფლებით სარგებლობენ. ისინი ამ დროს არ უნდა ამწვავებდნენ მდგომარეობას და მათ უნდა საკუთარი საქმე აკეთონ, მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია“, - თქვა მან.

საკუთარ შეფასებაში კრიტიკული იყო ასევე დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი კარლ გერშმანი. გერშმანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოში მხარს უჭერს დემოკრატიულ საზოგადოებას და ეს ნათლად უნდა გახმოვანდეს.

„პარლამენტის თამჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმა უკიდურესად მწვავე განცხადებები გააკეთეს „ომეგას ჩანაწერების“ სკანდალის შემდეგ. ყოჩაღ "საერთაშორისო გამჭირვალობას" და სხვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. საქართველოს მთავრობა ჩვენი მეგობარია, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. თუმცა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას და დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ არ ვემხრობით დაპირისპირებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ პოლიტიკურ პროცესს“, - თქვა გერშმანმა.

შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დამკვირვებლები ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მომავალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG