„ჰოლივუდის“ ყოფილმა გავლენიანმა პროდიუსერმა, ჰარვი უაინსტაინმა მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმეებზე 44 მილიონ დოლარიან „წინასწარ“ შეთანხმებას მიაღწია. საქმესთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, გარიგება უაინსტაინს, მისი კომპანიის თანამშრომლებს, სავარაუდო მსხვერპლებსა და კრედიტორებს შორის მიმდინარეობს. „უაინსტაინის კომპანია“ გაკოტრებულია. შეთანხმებისთვის საჭირო თანხა, მედიის ინფორმაციით, დაზღვევიდან მოდის.
უაინსტაინის წინააღმდეგ, ამ საქმის პარალელურად, სისხლის სამართლის საქმეც მიმდინარეობს, რომელზეც ეს გარიგება გავლენას არ ახდენს.
ერთ დროს წამყვან ფილმის პროდიუსერს ბრალს მინიმუმ ხუთ დანაშაულში სდებენ, მათ შორისაა გაუპატიურების მცდელობა და ორალური სექსუალური კონტაქტის იძულებით დამყარება. უაინსტაინი უარყოფს არასასურველი სექსუალური კონტაქტის იძულების ბრალდებას. სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ბრალს მას 80 ქალი დებს.
უაინსტაინის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლი მოძრაობის #მეც სიმბოლო გახდა. მოძრაობას ბევრი გავლენიანი ადამიანის წინააღმდეგ ბრალდებები და მათგან საკუთარი ქცევის აღიარება და ბოდიში მოჰყვა. ბევრმა მათგანმა თანამდებობა დატოვა ან თანამდებობიდან დაითხოვეს.
Facebook Forum