ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორი იქნება ვაშინგტონის მომავალი კვირა?


მომდევნო დღეების მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს შორისაა პრეზიდენტ ობამას ვიზიტი ტორნადოთი დაზიანებულ რეგიონებში, სკანდალები თეთრ სახლში და მრავალი სხვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტორნადოთი ძლიერ დაზიანებულ ქალაქ მურში გაემგზავრა. ოკლაჰომას შტატში ის რიგით ამერიკელებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მხოლოდ ამ ერთ პატარა ქალაქში 24 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. პრეზიდენტმა მოინახულა ის დაწყებითი სკოლაც, სადაც მეხუთე კატეგორიის ქარიშხლის გამო ნანგრევებში 7 ბავშვი დაიღუპა. სულ ტორნადოს შედეგად 1200-ზე მეტი ნაგებობაა დაზიანებული. შტატის საერთო ზარალმა კი 2 მილიარდს გადააჭარბა.

„აქ ძლიერი ხალხი ცხოვრობს, ძლიერი ხასიათებით. ქალაქში ძველი ცხოვრება ნამდვილად დაბრუნდება. მაგრამ ამისთვის დახმარებაა საჭირო. ისევე, როგორც ჩვენ დაგვჭირდებოდა დახმარება, ის უბედურება რომ დაგვტყდომოდა თავს, რაც აქ ვიხილეთ“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ქალაქ მურის მოსახლეებთან შეხვედრაზე და მათ აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად 3. 4 მილიონი დოლარის ფედერალური დახმარება აღუთქვა.

მომავალი კვირა ასევე დაეთმობა ორი ინციდენტის გამოძიების თემას, რომლებიც შეერთებული შტატების სატრანსპორტო სისტემაში მოხდა. ესენია: ვაშინგტონის შტატში ერთ-ერთი უმთავრესი ხიდის ჩამონგრევა და სატვირთო მატარებლების შეჯახების ფაქტი მისურის შტატში.

ხუთშაბათს, ქალაქ სიეტლიდან ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ მთავარ, მეხუთე გზატკეცილზე მდინარეზე გადებული ხიდი ჩაინგრა. ის საკმაოდ გადატვირთული გზის ნაწილი იყო, რომელზეც დღეში საშუალოდ 71 ათასზე მეტი მანანა გადადის. შტატის გუბერნატორის, ჯეი ინსლის განცხადებით, ხიდის შეკეთება სულ ცოტა 15 მილიონი დოლარი დაჯდება.

მატარებლების შეჯახება სამხრეთ-აღმოსავლეთ მისურიში შაბათს დილით მოხდა. ავარიამ გზატკეცილის ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. ერთ-ერთ სატვირთოს, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა. 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მატარებლის ოპერატორი და 5 ავტომობილებში მყოფი მგზავრები.

რობერტ სამვოლტი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოდან პირობას იძლევა, რომ მომხდარი ავარიების გულდასმით გამოძიება მოხდება, რათა მათი განმეორება გამოირიცხოს.

„ეს ფაქტები შემაშფოთებელია და ყოველთვის, როცა მსგავსი რამ ხდება, ჩვენი მოვალეობაა გამოვიძიოთ რა მოხდა, შევისწავლოთ დაშვებული შეცდომები, რათა მომავალში მათი გამეორება არ მოხდეს“ - აღნიშნავს რობერტ სამვოლტი. გზატკეცილთა ფედერალური ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი ამასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ამერიკაში 607 ათასი ხიდიდან დაახლოებით მეოთხედი სტრუქტურულად გაუმართავია.

მომდევნო კვირას მედია კვლავ გააგრძელებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საერთაშორისო ვიზიტების გაშუქებას. ჯონ კერი ეთიოპიიდან იორდანიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სირიის საკითხებზე ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობას.

ამერიკა რუსეთთან ერთად სათავეში უდგას ინიციატივას, რომელიც წარმატების შემთხვევაში პირველად მოუყრის თავს ერთ მაგიდასთან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის და ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებს. ეს კი, სპეციალისტების აზრით, სირიაში გაჭიანურებული კონფლიქტის დარეგულირებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

კვირას ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ჩაკ ჰეგელის ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში გაკეთებული განცხადება არმიაში სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ. თავდაცვის მდივანმა სტუდენტებს აღუთქვა, რომ ის შეეცდება სამხედრო კულტურის უარყოფითი მხარეების შეცვლას. პენტაგონში ახლახან გამოცემული ანგარიშის მიხედვით, წელს შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში 26 ათასამდე სექსუალური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.

„სექსუალური ძალადობა და შეურაცხყოფა არმიის რიგებში ერთმნიშვნელოვნად ღალატია, ფიცის და ნდობის ღალატი. ეს ჭირი უნდა აღმოიფხვრას. ყველა პასუხისმგებელი ვართ ამაზე“ - განაცხადა თავდაცვის მდივანმა.

რაც შეეხება მიმდინარე სკანდალს, რომელიც ამერიკის საგადასახადო სისტემაში მომხდარი ფაქტების ირგვლივ ატყდა, საკონგრესო მოსმენები დროებით შეჩერებულია. შეერთებული შტატების კონგრესი ამ თემის განხილვას ერთ კვირაში გააგრძელებს. ამის მიუხედავად, საგადასახადო სისტემის პოლიტიკურ მიკერძოებაში დადანაშაულების საკითხი, „ასოშეიტედ პრესის“ თანამშრომლების მიმოწერაზე თვალყურის დევნებასთან ერთად, ამერიკული მედიის მთავარ თემად რჩება და ექსპერტები მოელიან, რომ თეთრი სახლის სკანდალებს მთელი კვირის განმავლობაში კვლავ პირველ გვერდებზე ვიხილავთ.
XS
SM
MD
LG