ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი "ამერიკის ხმას" და "რადიო თავისუფლებას" თავს ესხმის


kremli

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რომ კრემლისთვის მიუღებელია, ეს ახალი არ არის. პუტინის რუსეთი კვლავ განაგრძობს ქვეყანაში არსებული მედია ორგანიზაციების კონტროლს, კლავს ან მოსაკლავად დასდევს ბლოგერებსა და ვლოგერებს, ხოლო იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ის ვერ აკონტროლებს და მომავალშიც ვერ გააკონტროლებს, გამუდმებით თავს ესხმის.

"ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" საქმიანობა, რომ კრემლისთვის მიუღებელია ეს წლებია ნათლად ჩანს და ახალი შემთხვევა არ არის.


ამას ეს ფოტოებიც მოწმობს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არის შექმნილი, თუმცა ვერც მაშინ ახერხებდა კრემლი ამ ორგანიზაციების კონტენტზე გავლენის მოხდენას, ვერც ახლა ახერხებს და რაღა თქმა უნდა, ვერც მომავალში შეძლებს.

ახალი თავდასხმა "რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" საქმიანობაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. რუსეთის "დუმის" სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე ვასილ პისკარიოვი ამბობს, რომ "ამერიკის ხმა", "რადიო თავისუფლება" და გერმანული "დოიჩე ველე" პროპაგანდისტული პუბლიკაციებით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, "ედინაია რასიას" წევრი პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს დეტალურად მოხდეს ამ მედიასაშუალებების კონტენტის შესწავლა და მათზე რეაგირება.

ვასილი პისკარიოვი
ვასილი პისკარიოვი

პუტინის თანამოაზრე და თანაპარტიელი ხელმძღვანელობს საგამოძიებო კომისიას, რომელიც იკვლევს რუსეთის საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევის ფაქტებს. უცნობია, რა მასალები გადაუგზავნა პისკარიოვმა რუსეთის პროკურატურას და რა სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს ის პროკურატურისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე, როგორიც არის "ამერიკის ხმა", "რადიო თავისუფლება" და გერმანული "დოიჩე ველე".

რუსეთის დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში კი "ამერიკის ხმის" და "რადიო თავისუფლების" თანამშრომლები "აგენტებად" არიან მოხსენიებული.

"ჩვენ გადავხედეთ ამ ინგლისურენოვანი ორგანიზაციების პუბლიკაციებს და ვნახეთ, რომ რუსეთისკენ მომართულია ყალბი ახალი ამბების მთელი წყება. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია და გავავრცელეთ პასუხი იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც "ნიუ-იორკ თაიმსიდან" და "ფაინეშალ თაიმსიდან" მომდინარეობდა. დესტრუქციული და მცდარი ინფორმაცის შემოტანას რუსულ აუდიტორიაში აქტიურად ცდილობს "ამერიკის ხმა", "რადიო თავისუფლება" და გერმანული "დოიჩე ველე" განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ პროდუქტს "ამჟამინდელი დრო" და ამ ორგანიზაციების სხვა შვილობილ კომპანიებსა თუ მედიაპროდუქტებს. მიგვაჩნია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უნდა მიიღონ საპასუხო ზომები, რადგან ხდება რუსეთის შიდა საკითხებში პიდაპირი ჩარევა,"- წერია განცხადებაში, რომელიც რუსეთის "დუმის" ვებგვერდზე 28 მაისს გამოქვეყნდა.

ახლა კი რუსი დეპუტატი პისკარიოვი პროკურატურას დროული სამართლებრივი ქმედებებისკენ მოუწოდებს, თუმცა რა ქმედებები უნდა გაატარონ მათ "ამერიკის ხმის", "რადიო თავისუფლებისა" და გერმანული "დოიჩე ველეს" წინააღმდეგ ეს უცნობია. რადგან კრემლს არ აქვს ბერკეტები იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობაში რაიმენაირი ჩარევა მოახერხოს.

საინტერესოა, კონკრეტულად რომელი ტელე-რადიო თუ ვებპროდუქტი შეისწავლა პისკარიოვმა, რომელიც შემდეგ პროკურატურას გადაუგზავნა. ის ამის შესახებ განცხადებაში არ საუბრობს. თუმცა, მისი განცხადებიდან მარტივად მისახვედრია, რომ კრემლის გაღიზიანება "პუტინის უვადო" მმართველობის საწყისებზე მომზადებულ მასალებს უკავშირდება. საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც პუტინს 2034 წლამდე პრეზიდენტობის საშუალებას აძლევს.

ცვლილებების მისაღებად კი ერთი ნაბიჯია დარჩენილი - რეფერენდუმი, რომელიც რუსეთში 1 ივლისს პანდემიის მიუხედავად გაიმართება.

ცვლილებების პაკეტის ინიციატორი თავად პუტინია. პარლამენტმაც და საკონსტიტუციო სასამართლომაც პროექტი უკვე დაამტკიცა, მაშინ როცა რუსეთის პრეზიდენტმა რეფერენდუმი ჩანიშნა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ "რეფერენდუმში სწორი პოზიცია დააფიქსირონ". პუტინმა რამდენიმე დღის წინ არ დამალა და თქვა, რომ ის პრეზიდენტობას კვლავ აპირებს.

მანამ, სანამ პუტინის უვადო მმართველობა ოფიციალურად გაფორმდება, როგორც ჩანს რუსეთის პროკურატურა "ამერიკის ხმის", "რადიო თავისუფლებისა" და გერმანული "დოიჩე ველეს" საქმიანობას აქტიურად შეისწავლის. საინტერესოა კრემლის მიერ კონტროლირებული პროკურორების გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც თუ დეპუტატ პისკარიოვის განცხადებით ვიმსჯელებთ, რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის კუთხის წარიმართება.

მანამდე პისკარიოვი ამბობს, რომ 1 ივლისს რუსეთში გარკვეული "უცხოეთიდან ინსპირირებული პროვოკაციები იგეგმება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG