ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს საქართველოსთვის მნიშნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ევროპარლამენტში. 553ხმით66–ის წინააღმდეგ საქართველოსთვის სასარგებლოდ გადაწყდა წილისყრა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის თაობაზე.

მას შემდეგ, რაც პროცედურული საკითხები ამოიწურება, რასაც, დაახლოებით თვე–ნახევარი სჭირდება, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში გადაადგილებას ვიზის გარეშე შეძლებენ.

ევროპარლამენტმა ამ გადაწყვეტილებამდე თავი დაიზღვია მიგრანტთა უკონტროლო ტალღისგან და საგანგებო ინსტრუმენტით აღიჭურვა, რასაც ეგრეთ წოდებული „შეჩერების მექანიზმი“ ჰქვია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით მოძრაობა კრიტიკულ ხასიათს მიიღებს, შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება და უვიზო გადაადგილების შესაძლებლობაც გაუქმდება. ასეთ საფრთხეზე საუბარი, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეები გონივრულობას არ გამოიჩნენენ, მართლაც რომ ლაიტმოტივად გასდევდა ყველა ოფიციალურ განცხადებას.

ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით წარმატება საქართველოსთვის კიდევ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესში ჩაბმის შესაძლებლობა აფხაზებსა და ოსებსაც აქვთ. ამის შესახებ დღეს თითქმის ყველა მინისტრმა ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს:

„ეს გადაწყვეტილება არის პრაქტიკული შედეგის მომტანი და მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მათთვისაც და ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებებისთვის.

ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო ინტერგაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრი აცხადებს: „ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთანავე, მაქსიმალურად მარტივად, რის შესაძლებლობასაც პროცედურები იძლევა, ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისთვისაც. უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მქონე პირებისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ თვითონ ეს პასპორტი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იყოს, როგორც გეოგრაფიულად, ისე პროცედურულად. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას ახლავს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები. ჩვენ გავხადოთ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელბისთვის."

აფხაზებისა და ოსების საერთო პროცესში გათვალისწინების შესახებ დღეს აღნიშნა სოზარ სუბარმაც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, თუმცა რა კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი კიდევ ამ მიმართულებით, ამის შესახებ საუბარი აღარ გააგრძელა:

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანების მიმართ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გახსნილები და ვთავაზობთ ყველა იმ სიკეთეს, რაც აქვს წარმატებულ ქართულ სახელმწიფოს და რა სიკეთეებიც მოაქვს ევროპასთან ინტეგრაციას, აქაა ვიზალიბერალიზაციაც და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც. დღეს, ერთ–ერთი საკითხი, რასაც მთავრობის სხდომის შემდეგ განვიხილავდით, ესაა როგორ უნდა ჩავრთოთ ამ ეკონომიკურ ვითარებაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები და მეწარმეები. გეგმა არის შემუშავებული. ამ ეტაპზე, მე არ მაქვს უფლება რაღაც კონკრეტულზე ვისაუბრო.“

აფხაზებისა და ოსებისთვის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ დროისთვის შეთავაზებულია ვიზალიბერალიზაციის პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა. აქ მხოლოდ ერთი პირობა დგას: მოქალაქეს უნდა გააჩნდეს საქართველოს პასპორტი. საქართველოს პასპორტის აღება და მისით სარგებლობა აფხაზეთსა და ოსეთში მოღალატეობასთანაა გაიგივებული და ეს მიდგომა და შეხედულება რომ არ გაფერმკრთალდეს, ამით სპეციალური უწყებები არიან დაკავებულნი. სწორედ ამ მიდგომის საპასუხო ღონისძიება იყო თავის დროზე, როდესაც საქართველომ აფხაზებსა და ოსებს ეგრეთ წოდებული სტატუს–ნეიტრალური დოკუმენტი შესთავაზა, რომელიც ახლაც გამოიყენება. ამ დოკუმენტით, რომელზეც არაა საქართველოს სახელმწიფოს მაიდენტიფიცირებელი ვიზუალური ატრიბუტიკა დატანილი, აფხაზებსა და ოსებს შეეძლოთ საზღვარგარეთ ვიზიტები განეხორციელებინათ. დოკუმენტი მხოლოდ სპეციალური კოდით იდენტიფიცირდება საქართველოსთან, თუმცა მისი ნაკლი ისაა, რომ ის არაა აღიარებული ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მიერ, ამდენად ამჯერად, შენგენის ქვეყნებში მოგზაურობისთვის მისი გამოყენება ეფექტიანი არ იქნება.

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი "ამერიკის ხმასთან "ამბობს, რომ აფხაზები და ოსები ინტერესდებიან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებით, თუმცა იგი არ ელის, რომ საქართველოს პასპორტების აღებაზე მათი მხრიდან მოთხოვნა რადიკალურად გაიზრდება.

„აფხაზებისა და ოსების მიდგომა ქართულ პასპორტებთან მიმართებაში ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც ვიცი არ შეცვლილა, შესაბამისად, არამგონია, ქართული პასპორტების აღებას მასიური სახე ჰქონდეს, თუმცა ნამდვილად იქნებიან ადამიანები, ვინც ამით ისარგებლებენ. აიღებენ ქართულ პასპორტს ვიზალიბერალიზაციის გამო. ამ შესაძლებლობით ქართული პასპორტის მომხიბვლელობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრით, ქართულ პასპორტზე მოთხოვნას არ ექნება მასიური და ყოვლისმომცველი სახე, უახლოეს მომავალში.“

პროცედურების თანახმად, ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტის მიერ გაგაწყვეტილებაზე ხელმოწერისა და ოფიციალური გამოქვეყნების შემდგომ, გავა რა 20 დღე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა ბიუროკრატიული პროცედირებისგან თავისუფალი იქნება.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG