ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირჯინიის გუბერნატორის სკანდალური საქმე


მიმდინარეობს ფედერალური გამოძიება გუბერნატორ მაკდონელის და ჯონი ვილიამსის მიერ კანონის შესაძლო დარღვევაზე

ვირჯინიის შტატის დედაქალაქ რიჩმონდის თვალშისაცემ გორაკზე, 1788 წელს აშენებული შტატის კაპიტოლიუმი თითქმის იმდენივე ხნისაა, რამდენისაც თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები.

ამჟამად ეს შენობა სკანდალშია გახვეული, რომელიც სამოცდამეთერტმეტე გუბერნატორის, რობერტ მაკდონელის გარშემო აგორდა. როგორც იუწყებოდნენ, ის იღებდა სესხებს, საჩუქრებს და განსაკუთრებულ შეღავათებს თავისთვის, მეუღლე მაურინისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის.

რიჩმონდში მომუშავე საგამოძიებო ჟურნალისტმა პიტერ გალუზკამ გამოაქვეყნა იმის სია, რაც სავარაუდოდ გადაეცა გუბერნატორს და მის ოჯახს უმეტესწილად რიჩმონდელი ბიზნესმენის, ჯონი ვილიამსისგან, რომელიც სათავეში უდგას კომპანიას სახელად: „სთარ საიენთიფიკ“.

„გუბერნატორმა მაკდონელმა მიიღო სესხი უძრავი ქონების კორპორაციისთვის, რომელსაც ის თავის ოჯახთან ერთად ფლობს. მისმა ქალიშვილმა მიიღო 15 ათასი დოლარი საქორწილო სადილისთვის. მას გადასცეს 6500 დოლარის ღირებულების „როლექსის“ საათი. მისი მეუღლე, მაურინ მაკდონელი გაანებივრეს ნიუ იორკის მაღაზიებში ძვირადღირებული საქონლის ყიდვით.“

იურიდიულ საკითხთა დამკვირვებლები ამბობენ, რომ ვირჯინიის შტატს არ აქვს არჩეულ თანამდებობის პირთა პირადი საქმიანობის აღნუსხვასთან და მათ მიერ ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული ძლიერი კანონები. როგორც თვითონ მაკდონელი მიუთითებს, ეს კანონები პირადად მას ეხება და არა მისი ოჯახის სხვა წევრებს.

„მე მუდმივად, ბეჯითად აღვნუსხავ ჩემთვის გადმოცემულ საჩუქრებს ყოველწლიურ „ეკონომიური ინტერესების განაცხადში“. მაგრამ ახლანდელი კანონის შესაბამისად, ჩემი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრები ამ განაცხადში არ უნდა მოხვდეს.“

მაკდონელი ამბობს, რომ მან ვილიამსისგან მიღებული სესხის თითქმის 125,000 დოლარი დააბრუნა და მისმა ქალიშვილმა გადაიხადა ვილიამსის მიერ საქორწილო სადილისთვის გამოგზავნილი ჩეკის თანხა. მაკდონელის ოჯახის სხვა წევრებმაც დააბრუნეს ვილიამსისგან მიღებული ფული. გუბერნატორმა თქვა, რომ „როლექსის“ საათიც დაბრუნებაც ხდება.

თუმცა, როგორც იუწყებიან, მიმდინარეობს ფედერალური გამოძიება გუბერნატორ მაკდონელის და ჯონი ვილიამსის მიერ კანონის შესაძლო დარღვევაზე, რაშიც ერთმანეთისთვის სამსახურის შეუსაბამოდ გაწევაც შედის. გუბერნატორი გადაჭრით უარყოფს ნებისმიერი ასეთი საქმის არსებობას.

„არც ბატონ ვილიამსს და არც „სთარ საიენთიფიკს“ არავითარი განსაკუთრებული შეღავათი არ მიუღია შტატისგან ისევე, როგორც არც სხვა ნებისმიერ კომპანიას.“

რიჩმონდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი დან პალაზოლო ამბობს, რომ შტატის საკანონმდებლო ორგანოს დამკვირვებლები ფედერალური გამოძიების შედეგებს ელოდებიან. მაკდონელის პოლიტიკური მომავალი შეიძლება ამაზე იყოს დამოკიდებული.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალი საკითხი იქნება, გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა და მოხდება თუ არა ბრალის წაყენება. ბრალის არ წაყენების შემთხვევაში, ვფიქრობ მაკდონელი ასე ვთქვათ, გადარჩება. ბრალის წაყენების შემთხვევაში კი, ყველაფერი გაიწელება.“

ვირჯინიის კაპიტოლიუმი ემზადება გუბერნატორ მაკდონელის შემცვლელის, დემოკრატ ტერი მაკაულიფის ინაუგურაციისათვის, რაც იანვარში მოხდება. მაკაულიფმა გარკვევით განაცხადა, რომ შეეცდება გუბერნატორის და მისი ოჯახის წევრების საჩუქრებზე უფრო მკაცრი კონტროლი დააწესოს.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00
ბმული
XS
SM
MD
LG