ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფემიციდში სასამართლო სახელმწიფოს ადანაშაულებს


2017 წელი მხოლოდ 13 დღეა რაც დადგა, მაგრამ ერთი ქალი მსხვერპლი უკვე არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ მძიმე სტატისტიკაზე, რასაც ფემიციდის ნიადაგზე აქვს ადგილი საქართველოში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ 2017 წელი ქალის მკვლელობით დაიწყო, მაგრამ ამასთანავე ორგანიზაციის აქტივში 2017 წლის დასაწყისის ერთი წარმატებული საქმეც არსებობს.

საიაში განმარტავენ, რომ როდესაც საქმე პოლიციელის ან საჯარო მოხელის მიერ ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება, გამოძიების პროცესი და ზოგადად, საქმისადმი სამართლიანი დამოკიდებულება დეფიციტს წარმოადგენს. ასეთივე შემთხვევას ჰქონდა ადგილი 19 წლის სალომე ჯორბენაძის მიმართ, რომელიც პოლიციელმა ქმარმა მოკლა 2014 წელს. მკვლელობამდე სალომემ სამართალდამცავებს რამდენჯერმე მიმართა და აცნობა მის მიმართ როგორც ჩადენილი დანაშაულის, ასევე მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, თუმცა იმის ნაცვლად, რომ პოლიციას რეაგირება მოეხდინა, მისი მეუღლე დააწინაურეს. 19 წლის სალომე ჯორბენაძე პოლიციელმა ქმარმა სამსახურის იარაღით მოკლა. სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სწორედ ეს საქმე იქცა პრეცენდენტად, სადაც ორი დღის წინ სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოა დამნაშავე, როდესაც რეაგირების გარეშე ტოვებს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულის შესახებ. თუმცა ეს გადაწყვეტილება იოლად მიღწეული არ ყოფილა.

ამისთვის ორი ინსტანციის სასამართლოს გავლა გახდა საჭირო, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შსს არ დაეთანხმა და მისი გადახედვა სააპელაციო სასამართლოს საპასუხო სარჩელით მოსთხოვა. საიას იურისტი თამარ დეკანოსიძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ განამტკიცა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია ფემიციდზე, ქალის სიცოცხლის მოსპობაზე ოჯახში ძალადობის შედეგად, თუ იგი არ მიიღებს სათანადო ზომებს მის დასაცავად მოძალადისგან. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ეს არის პირველი პრეცენდენტი ამგვარ საქმეზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვლის სახელმწიფო პოლიტიკას ამ მიმართულებით, მაგრამ ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტია. აქამდე არ გვქონდა შემთხვევები, როდესაც სასამართლო ადასტურებდა, რომ სახელმწიფოს უმოქმედობა გახდა ქალის მკვლელობის მიზეზი.“

სალომე ჯორბენაძის საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია პოლიციელების, მკვლელის კოლეგების მიერ დანაშაულის დამალვისა და არასათანადო რეაგირების შესახებ. „ძალადობის ერთ–ერთი შემთხვევის დროს სალომემ გამოიძახა პოლიცია, ისინი ადგილზე მივიდნენ, მაგრამ მათ არ განუხორციელებიათ არც ერთი ზომა, რასაც კანონმდებლობა .0ავალდებულებდათ. პირიქით, ისინი სალომეს ეუბნებოდნენ, რომ რადგან იგი იყო გათხოვილი, უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ დაექვემდებარებოდა ძალადობას, რაც უნდა მოეთმინა. ჩვენ კოლეგისადმი ხელის დაფარების ფაქტზეც მივმართეთ მთავარ პროკურატურას და ვითხოვდით ამ ფაქტის გამოძიებას. შემდგომ დაიწყო მოკვლევა, ოღონდ სხვა საკითხზე, ყოველ შემთხვევაში, გამოძიება ამ კუთხით არ წასულა“,–გვეუბნება თამარ დეკანოსიძე.

საიაში ამბობენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულთა შორის. თამარ დეკანოსიძე ამბობს: „2014 წელს, როდესაც ძალიან ხშირი იყო ფემიციდის შემთხვევები და რაოდენობამ პიკს მიაღწია, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, თუ როგორ ხდებოდა ამ დანაშაულების გამოძიება და დასჯა, შევისწავლეთ სასამართლოს 12 განაჩენი. 12 ქალის მკვლელობის საქმიდან სამი ჩადენილი იყო სამართალდამცავთა მხრიდან, ანუ მეოთხედი მკვლელობები. ხოლო რაც შეეხება ქალთა მიმართ დანაშაულის შემთხვევებს, რომლებიც მკვლელობით არ დასრულდა, გვაქვს სამი საქმე, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელია შესაძლო მოძალადე.“

ისინი, ვინც ფემიციდით გამოწვეული საფრთხის წინაშე დგანან, ასევე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლ ადამიანებს სახელმწიფო სპეციალურ სერვისს სთავაზობს თავშესაფრების სახით, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში თბილისში, ქუთაისში, გორში, ბათუმსა და სიღნაღში ფუნქციონირებს. ასევე გახსნილია ერთი კრიზისული ცენტრი და დღის ცენტრი. თავშესაფრებში მოხვედრა და მათი სერვისით სარგებლობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, ვინც მსხვერპლის სტატუსი მიიღო, რაც ცალკე პროცედურას წარმოადგენს. ამერიკის ხმასთან ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დამხარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა თამუნა ბარკალაიამ ისაუბრა, რომლის უწყებრივ დაქვემდებარებაშია თავშესაფრები. ის ამბობს: „მომართვიანობა ტრეფიკინგის ფონდში, თავშესაფრის ძიება და თავშესაფრის მოთხოვნა არის მზარდი. დაახლოებით 30 პროცენტით ზრდაა 2014–დან 2015–ში და 2015–დან 2016–ში. ამ სერვისის ძირითადი მომხმარებლები, დაახლოებით 95 პროცენტი გახლავთ ქალები, შვილებთან ერთად. ზოგადად, მზარდ სტატისტიკას ჩვენ აღვიქვამთ, არა როგორც ძალადობის რიცხვის ზრდას, არამედ როგორც მომართვიანობის ზრდას და შესაბამისად, როგორც პოზიტიურ ცვლილებას და ტრენდს.უფრო და უფრო მეტი ქალბატონი მოგვმართავს ჩვენ დახმარებისთვის. ჩვენთან მომართული ქეისებიდან არც ერთი არაა ახალი ძალადობის ამბავი. ძირითადად, ესენი არიან წლების განმავლობაში ძალადობრივ გარემოში მცხოვრები ქალბატონები, ვინც ერთ დღეს გადაწყვიტეს, რომ საკმარისია და გადაწყვიტეს, რომ გადადგან ნაბიჯი და მოგვმართონ დახმარებისთვის.“

ქალთა მკვლელობების პიკი საქართველოში 2014 წელს დაფიქსირდა – როდესაც 34 ქალი იქნა მოკლული.

XS
SM
MD
LG