ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენის ცენტრში სავარაუდოდ ტერორისტული თავდასხმა მოხდა


ავსტრიის დედაქალაქის ცენტრში ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ვენის ცენტრში თავდასხმა მოხდა რამდენიმე ადგილზე, მათ შორის - ადგილობრივ სინაგოგაზე. ინფორმაციის გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

არიან დაჭრილები და სულ ცოტა, ერთი ადამიანი გარდაცვლილია. გაზეთები შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარს იმოწმებენ, თუმცა ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი ჯერ არ გავრცელებულა.

"ქალაქის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. ადამიანები დაშავდნენ. მოერიდეთ ყველა საჯარო ადგილს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს" - დაწერა ვენის პოლიციამ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

ჯერჯერობით გაურკვეველია, იყო თუ არა თავდამსხმელების სამიზნე ადგილობრივ ებრაელთა სამლოცველო, თუ მისი მიმდებარე ობიექტები. ამ დროისთვის სინაგოგა დაკეტილია.

პოლიციის პრესსპიკერმა მხოლოდ ის თქვა, რომ ქალაქის ცენტრში სამართალდამცავთა დიდი ნაწილია მობილიზებული. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფი ადასტურებს, რომ ქალაქის დიდი ნაწილი გადაკეტილია და პოლიციის კორდონის მიღმა არავის უშვებენ.

ვენის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს არ გაავრცელონ ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში. "ეს პოლიციის ძალების მუშაობას და ასევე მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეში აგდებს" - აცხადებს ავსტრიის დედაქალაქის პოლიცია "ტვიტერზე".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG