ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალური ვიდეო: რუსული პროვოკაცია თუ ჩეჩნური „საჩუქარი“?


სამოყვარულო კამერით გადაღებული ოთხწუთიანი ვიდეო, რომელიც ოთხი დღის უკან ჩეჩენი მეამბოხეების მხარდამჭერმა ინგლისურენოვანმა ინტერნეტ-საიტმა „ჩეჩენ ცენტრმა“ http://chechencenter.info/ გაავრცელა, შესაძლებელია რუსეთსა და საქართველოს შორის კიდევ ერთი მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

„ჩეჩენი მეამბოხეები საქართველოში გამოიზამთრებენ“ - ასე დასათაურებულ ვიდეოში ჩანს, ათამდე კბილებამდე შეიარაღებული ჩეჩენი მებრძოლი, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში როგორ გადადის მაღალმთიან რელიეფს.

შემდეგ ერთ-ერთი მეამბოხე რუსულად ამბობს, „აი გამოჩნდა საქართველო.. ალაჰის წყალობით საქართველოში გამოვიზამთრებთ“. „ჩეჩენ ცენტრი“ ამტკიცებს, რომ ვიდეო 2010 წელს არის გადაღებული. მეამბოხეები ჩეჩნურად და რუსულად საუბრობენ

„აი საქართველოც გამოჩნდა, აი საქართველო, ალაჰს დიდება, საქართველოში გამოვიზამთრებთ. აი ვაკე, მძულს ეს ვაკე, იმიტომ, რომ იქ მუნაფიკები ცხოვრობენ“

იმ საუბრის ფრაგმენტებით, რომელიც ვიდეოში ისმის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩეჩენ მეამბოხეთა ორი ჯგუფი ერთმანეთს ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვართან ხვდება. გაურკვეველია საიდან მოემართება ის ჯგუფი, რომელიც საქართველოში არ მოდის.

საუბარში რამდენჯერმე ახსენებენ მაისტის ქედს, რომელიც ჩეჩნეთის ითუმ ყალეს რაიონში მდებარეობს და ხევსურეთს ესაზღვრება. საზღვარზევეა 4081 მეტრი სიმაღლის მაისტის მთა და მისი გადმოლახვა, განსაკუთრებით ზამთარში, ურთულესი ამოცანაა. სკანდალურ ვიდეოზე კომენტარი ცნობილ ჩეჩენ ჟურნალისტსა და უფლებადამცველ მაირბეკ ტარამოვს ვთხოვეთ, რომელიც ამჟამად შვედეთში ცხოვრობს

„ასეთ ამინდში, ამ დროს, როცა უზარმაზარი თოვლი დევს, ასეთი გადასვლები შეუძლებელია. ეს გამორიცხულია. ჩეჩნეთის ტერიტორიაზეც კი, მთებში გადაადგილება ძალიან ძნელია.

მეორე მომენტი - რუსებმა ჯერ კიდებ 2001 წელს განაცხადეს, რომ ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარი ჩაკეტილია, ისე, აკონტროლებენ, რომ ჩიტიც ვერ გადაფრინდება; მესამე - მეამბოხეები მსჯელობენ საქართველოს საზღვარზე, მაგრამ საუბრობენ მაისტის ქედზე. მაისტის ქედი მდებარეობს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, მაგრამ არა საქართველოში. მთლიანობაში ეს ვიდეო ძალინ ჰგავს პროვოკაციას.“

მაირბეკ ტარამოვი ვერ ხსნის თუ როგორ აღმოჩნდა პროვოკაციაში ჩართული, ჩეჩენ მეამბოხეთა მხარდამჭერი საიტი „ჩეჩენ ცენტრი“, რომელსაც ფინანსურად ამერიკაში, მოღვაწე ჟურნალისტი, საერთაშორისო ამნისტიის თანამშრომელი ნადეჟდა ბანჩიკი ეხმარება.

ამ ვიდეოსთან ერთად „ჩეჩენ ცენტრმა“ გაავცელა მეორე ვიდეო. იქ კადრებში ჩანს თუ როგორ ინადირეს ჩეჩენმა მებრძოლებმა, მათ შორის დაფიქსირებულია ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის ბრიგადის გენერალი ტახრან გაზიევი. ემირი გაზიევი თავად ითუმ-ყალეს მკვიდრია.

გასული წლის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, გაზიევი ჩეჩნური წინააღმდეგობის ლიდერს დოკუ უმაროვს დაუპირისპირდა და ბრძოლას, ორ სხვა მეთაურთან ერთად განაგრძობს. ზოგიერთი ინფორმაციიით, გაზიევის მებრძოლებია დაფიქსირებული პირველ ვიდეოშიც, რომელიც საქართველოში გადმოსვლას ეხება. მაირბეკ ტარამოვი ამბობს

„დღეს აჩვენეს კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩეჩენი მეომრები ნადირობენ, კლავენ გარეულ ცხოველს. ორ საიგაკს. რითაც გვეუბნებიან, რომ იქაურობა სავსეა გარეული ცხოველითა და ხორცით. კვება შესაძლებელია და არ არსებობს საქართველოში გადასვლის აუცილებლობა.

რისთვის არის საჭირო საქართველოში წასვლა ასეთ შემთხვევებში?! მე არ ვიცი ვინ არის იქ, ვის წარმოადგენს ეს ინტერნეტ-საიტი, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს საიტი დგას ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეთა პოზიციაზე.“

საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ რუსეთს კვლავაც სურს პანკისის თემის გათამაშებით საქართველოს დისკრედიტაცია.

აგვისტოს ომის შემდეგ, კრემლმა არაერთხელ დაადანაშაულა ქართული სპეცსამსახურები ჩრდილოეთ კავკასიელი ტერორისტების მხარდაჭერაში. რუსმა ძალოვნებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო „ალ ქაიდას“ ემისრებს დაღესტანსა და ჩეჩნეთში იარაღის გადატანაში ეხმარება. მოსკოვი საინფორმაციო ომს აგრძელებს - მიაჩნია ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს

„ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რუსეთის საერთო მიზანი. საერთო მიზანი არის სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის მთლიანად აღდგენა. და პირველ რიგში კონტროლის აღდგენა ენერგომატარებლების მარშრუტზე.

იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს, რუსეთს სჭირდება რამოდენიმე პრობლემის გადაწყვეტა. როგორმე საქართველოს და აზერბაიჯანის, პირველ რიგში კი საქართველოს დისკრედიტაცია მთელი მსოფლიო საზოგადოების თვალში. ეს არის მიზანი.

შესრულების გზები არის საინფორმაციო ომის მოგება. საქართველო მსოფლიო საზოგადოების თვალში უნდა იყოს ტერორისტების მფარველი და არასტაბილური, აგრესიული ქვეყანა.

საქართველოს დისკრედიტაცია თავისთავად ერთი ფაქტორია; მეორე ფაქტორია - საქართველოს იმ კუთხის დისკრედიტაცია, რომელიც ისედაც დისკრედიტირებულია - ეს არის პანკისის ხეობა. სად შეიძლება ემზადებოდნენ შაჰიდები თუ არა პანკისის ხეობაში?!“

სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რამდენიმე კავკასიურ ინტერნეტ-ფორუმზე სამი ძირითადი მოსაზრება გამოითქვა, რომლებსაც ექსპერტთა დიდი ნაწილი იზიარებს.

პირველი და მთავარი, რომ ეს არის რუსეთის პროვოკაცია; მეორე - კადრები არ არის გადაღებული 2010 წელს, არამედ გაცილებით ადრე; და მესამე - აღნიშნული სცენა შეიძლება დადგმული იყოს თავად ჩეჩენი მეამბოხეების მიერ უცხოელი სპონსორებისგან ფინანსების მოზიდვის მიზნით.

ჩვენმა მცდელობამ დავკავშირებოდით „ჩეჩენ ცენტრს“ შედეგი არ გამოიღო. მეტიც, ჩვენი მიმართვიდან რამდენიმე საათში, როგორც საიტიდან, ისე, პოპულარი ვიდეო-ვებ გვერდ იუთუბიდან სკანდალური ვიდეო ამოიღეს. არანაირი განმარტება ამასთან დაკავშირებით „ჩეჩენ ცენტრს“ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG