ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ დაამარცხეს მანძილი ამერიკის და ვენესუელის ექიმებმა


Venezuelan doctors

ამერიკელი და ვენესუელელი ექიმები გაერთიანდნენ, რათა ვენესუელელ პაციენტებს დაეხმარონ. ექიმი გაბრიელა ბლომი ფლორიდაში ცხოვრობს, ხოლო თერაპევტი ალბერტო პანის-მონდოლფი კი მისგან 2000 კილომეტრის დაშორებით, ვენესუელის ქალაქ ბარკისიმეტოში. მიუხედავად სიშორისა, ისინი თანამშრომლობას მაინც ახერხებენ.

პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში ჩაფლული ვენესუელა ჯანმრთელობის დაცვის კუთხითაც სირთულეების წინაშეა. ამიტომ ფლორიდის უნივერსიტეტი ცდილობს ვენესუელელ ექიმებს დაავადებების შესწავლაში დისტანციურად დაეხმაროს.

ვენესუელაში ექიმები ინფორმაციის გარეშე დარჩნენ, მას შემდეგ რაც მთავრობამ დაავადებების მონაცემების გამოქვეყნება შეწყვიტა. ჯანმრთელობის კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა, რესურსებისა და წამლების სიმწირე.

“როცა ისინი წყვეტენ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვას, აქედან არასდროს არაფერი კარგი არ გამოდის. შედეგები ძირითადად ცუდია. დაავადებები კი ვრცელდება. საბოლოოდ ხალხი ზარალდება“ - ამბობს ჯონ ლედნიკი ფლორიდის უნივერსიტეტიდან.

დაავადებების ზრდამ და ლაბორატორიული ცდების ჩატარების სირთულემ, ვენესუელელი ექიმები დაღალა. სწორედ ამიტომ, ექიმმა გაბრიელა ბლომმა და პანის-მონდოლფიმ „ვენესუელის სამეცნიერო ინკუბატორის“ შექმნა გადაწყვიტეს, რათა ეპიდემიოლოგიური კვლევები გაეგრძელებინათ და სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებისთვის ტრეინინგები მოეწყოთ.

„ჩვენ პაციენტებისგან ნიმუშების შეგროვება დავიწყეთ, რომელთაც ზიკას ვირუსის მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ და ფლორიდის უნივერსიტეტში ჩამოვიტანეთ, რათა ლაბორატორიაში დაგვედასტურებინა ზიკა იყო თუ არა“ - ამბობს ექიმი გაბრიელა ბლომი ფლორიდის უნივერსიტეტიდან.

ფლორიდის უნივერსიტეტმა ვენესუელაში ზიკას ვირუსის შემთხვევები დაადასტურა. მეცნიერები ამბობენ, რომ მთავრობა ექიმებს ხალხის შეშინებაში დებს ბრალს და დამატებითი შესწავლის სამუშაოებს კრძალავს.

ამასობაში ბლომი და პანიზ-მონდოლფი ვენესუელელ მეცნიერთა ახალი თაობის წვრთნას აგრძელებენ.

“ადგილზე სტუდენტების მომზადება, რასაც ჩვენი გუნდი აკეთებს, მნიშვნელოვანია რათა ამ დაავადებების დიაგნოსტიკის შესაძლებლობა გავაუმჯობესოთ და პაციენტებს დიაგნოზი რაც შეიძლება მალე დავუსვათ “ - თქვა გაბრიელა ბლომმა.

სტუდენტები ექიმ ბლომთან სატელეფონო აპლიკაციის „ვოთსაპის“ და „სკაიპის“ საშუალებით კონტაქტობენ. ის მათ პაციენტების სინჯების ანალიზს საკუთარ კომპიუტერზე აჩვენებს და ლაბორატიულ, თუ სხვა ტიპის გამოკვლევებში თავის ცოდნას უზიარებს.

„ის ჩვენი ხიდია, განსაკუთრებით - ვირუსოლოგიის კუთხით, კონკრეტულად კი არბოვირუსების მიმართულებით, როგორიცაა ზიკა, დენგეს ვირუსი, ყვითელი ციებ-ცხელება“, - ამბობს ბლომის სტუდენტი ლუის ალფრედო პერეს გარსია.

ელექტრონული სასწავლო ოთახი ვენესუელელ სტუდენტებს სწავლის საშუალებას აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ლაბორატორია არ აქვთ.

„რომელიმე სტუდენტი თუ შეერთებულ შტატებში გაბრიელას ლაბორატორიაში მოხვდება, ისინი მალევე ჩაიცმევენ ხელთათმანებს და ხელსაწყოებს მოიმარჯვებენ “ - ამბობს პანის-მონდოლფი.

ექიმები და სტუდენტები იმედოვნებენ, რომ მათ მალე ექნებათ შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორია ვენესუელაში. მანამდე კი ისინი თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს იყენებენ არსებული სირთულეების დასაძლევად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG