ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მხარდამჭერი აქტი შეიძლება კანონი გახდეს


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი -„საქართველოს მხარდამჭერი აქტი.“

აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას აჩვენებს საქართველოს სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარების და უსაფრთხოების მიმართ, განსაკუთრებით, კი რუსული აგრესიის პირობებში.
კონგრესმენი, აქტის თანასპონსორი ჯერი კონოლი

ამ აქტით კონგრესი გმობს მოსკოვის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს და საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ კუთხით, კანონმდებლობის კანონპროექტი „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას ეხმაურება; მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

კანონპროექტით აშშ-ის კონგრესი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

აქტის ერთერთმა თანასპონსორმა, კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ "ამერიკის ხმას" განუცხადა:

"მეამაყება, რომ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "საქართველოს მხარდამჭერი აქტი," რომელიც ამერიკა-საქართველოს სასიცოცხლო პარტნიორობას აძლიერებს. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ურთიერთობაა მსოფლიოს კრიტიკულ რეგიონში. აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას აჩვენებს საქართველოს სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარების და უსაფრთხოების მიმართ, განსაკუთრებით, კი რუსული აგრესიის პირობებში. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთი არასტაბილურობას ასაზრდოებს, სეპარატისტულ მოძრაობებს უწყობს ხელს და ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს. ამათ შორისაა ადამიანების უწყვეტი დაკავებები და მკვლელობების შემთხვევები.

ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის შევიწროებას აგრძელებენ და ხელს უშლიან იძულებით ადგილნაცვალი ადამიანების შინ დაბრუნებას. საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარსულში მიღებულ ძალისხმევას ემყარება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს იმ პირთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევებში არიან მხილებულნი ან თანამონაწილეობდნენ ამ დარღვევებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე,.-"განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. ამასთან, ის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

“კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად, საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს,” აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა კონგრესმენმა ტედ პომ (რესპუბლიკელი) და კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ (დემოკრატი), ასევე ექვსმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან ფიცპატრიკმა, ფრენსის რუნიმ, პოლ კუკმა, ჯო უილსონმა, ჯეიმს სენსებრენანმა, ბობ გუდლატმა 2018 წლის 26 ივნისს წარადგინეს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად დამტკიცებამდე, ის კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა მიიღო.

როგორც შემდგომი ნაბიჯი, საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გაეგზავნა სენატს. ამერიკის სენატის მიერ აქტის დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტის საბოლოო ტექსტზე ორივე პალატა შეთანხმდება. ამის შემდეგ ის გაეგზავნება პრეზიდენტს, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში კანონპროექტი კანონად იქცევა.

წელს, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში, კონგრესში გამართულ კონფერენციაზე გამოვიდა.

გიორგი მარგველაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას „განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ამიტომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის.“

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG